უახლოეს 2-3 წელიწადში შიდა ქართლის რეგიონში არცერთი სოფელი არ იქნება ბუნებრივი აირის გარეშე – ნათია თურნავა

„ბოლო წლებში შიდა ქართლში 141 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდა, ეს არის 31 000 ოჯახზე მეტი. ეს პროგრამა კიდევ გაგრძელდება, ვიცით, რომ კასპის მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ არის სოფლები, სადაც ეს სიკეთე არ მისულა, მაგრამ ამასაც უახლოეს ორ წელიწადში მოვიცავთ“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კასპში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ვახტანგ მაისურაძის წარდგენაზე.

ნათია თურნავას ინფორმაციით, გაზიფიკაციის პროგრამა შიდა ქართლში ინტენსიურად გაგრძელდება და უახლოეს 2-3 წელიწადში რეგიონში არცერთი სოფელი არ იქნება ბუნებრივი აირის გარეშე. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა დღეს რეგიონში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით კონკრეტულ გეგმებზეც ისაუბრა.

კერძოდ, მისი განცხადებით, რეგიონში ტურისტული ინფრასტურქტურის განვითარების დიდი პოტენციალია, რაც თავის მხრივ სხვადასხვა ეკონომიკური აქტივობების გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს.

„ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც ვმუშაობთ, ეს არის ისტორიული სასახლეების გარდაქმნა ტურისტული მიზიდულობის ცენტრებად, განვავითაროთ ამ შესანიშნავი ისტორიული ძეგლების ირგვლივ მცირე სასტუმროები, მცირე კაფე-რესტორნები, სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ეს სიმდიდრე რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იხილოს. ასევე განვავითაროთ ამ მხარეში სათავგადასავლო ტურიზმი“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე სწორედ ისეთი ენერგიული, მოტივირებული კანდიდატები წარადგინა, რომლებიც უახლოეს ოთხ წელიწადში აქტიურად ემსახურებიან თავიანთ რეგიონებს და შესაბამისად, მთელ ქვეყანას.

თრიალეთი TV