პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ჩამოდის და ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას გამართავს

კიევში ვიზიტის შემდეგ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი დღეს საქართველოში ჩამოვა და ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება, – ინფორმაციას პოლონეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დროს პრემიერ-მინისტრები განიხილავენ რუსული აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედებებს უკრაინაში, ასევე, კიევში პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შედეგებს.

ამასთან, პრემიერ-მინისტრები განიხილავენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, კერძოდ, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ახლახან წარდგენილ განცხადებას.

გარდა ამისა, პოლონეთის მთავრობის ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფართო პაკეტის განხორციელებაში საქართველოს ჩართულობაზე ისაუბრებს. ასევე განიხილება ეკონომიკური სანქციების გავლენა ქვეყნებზე, რომლებიც გმობენ რუსეთის აგრესიას და მიმდინარე მიგრაციულ ვითარებას.

ბათუმში, 17 მარტს, პოლონეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები გახსნიან პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძეგლს. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ომის დროს ლეხ კაჩინსკი სხვა ლიდერებთან ერთად საქართველოს მხარდასაჭერად თბილისში იმყოფებოდა.

70 ნახვა
desktop
mobile catfish