დღეიდან რუსული ხორბლის საექსპორტო გადასახადი 2%-ით იზრდება

რუსული ხორბლის საექსპორტო გადასახადი, 25 იანვრიდან არსებულ ოდენობასთან შედარებით, დღეიდან 1.9%-ით იზრდება. ტონაზე მიმდინარე ბაჟი 4,283.2 რუბლიდან 4,365.3 რუბლამდე (არსებული კურსით, 61-დან 62.25 დოლარამდე) მოიმატებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

ამასთან, ქერის გადასახადი ტონაზე 3,083.7-დან 3,174.3 რუბლამდე (44-დან 45,26 დოლარამდე), ხოლო ტონა სიმინდზე 886.5-დან 1,186.2 რუბლამდე (13-დან 17 დოლარამდე) იზრდება.

გადასახადები საორიენტაციო ფასების მიხედვით გამოითვალა, რაც ტონა ხორბალზე ერთი კვირის წინანდელი 309,5 დოლარიდან 308,8 დოლარამდე შემცირდა. ასევე, უმნიშვნელოდ დაიკლო ქერის საორიენტაციო ფასმაც, რამაც ტონაზე, ერთი კვირის წინანდელ 267,9 დოლართან შედარებით, 267,7 დოლარი შეადგინა. თუმცა სიმინდზე, პირიქით, ინდიკატორულმა ფასმა მნიშვნელოვნად მოიმატა და ტონაზე 221,9-დან 226,4 დოლარამდე გაიზარდა.

ახალი საბაჟო გადასახადები 7 თებერვლის ჩათვლით იმოქმედებს.

ცნობისათვის, 2022 წლის 6 ივლისიდან რუსეთში მარცვლეულის გადასახადი დოლარის ნაცვლად, რუბლებში გამოითვლება. გადასახადების რუბლებში გამოთვლის შესახებ დადგენილება მთავრობამ 30 ივნისს მიიღო. ხორბლის საექსპორტო გადასახადის გამოსათვლელად საბაზისო ფასი ტონაზე 15 ათასი რუბლით (არსებული კურსით, 214 დოლარით), ქერსა და სიმინდზე კი 13,875 ათასი რუბლით (198 დოლარით) განისაზღვრა. საექსპორტო გადასახადი საბაზისო და საორიენტაციო ფასებს შორის სხვაობის 70%-ს წარმოადგენს.

2 ივნისიდან რუსეთის ფედერაციამ მარცვლეულის დემპფერის მექანიზმი შემოიღო, რომელიც ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე მცურავ გადასახადებს, ხოლო მათგან მიღებული სახსრების სოფლის მეურნეობის მწარმოებლების სუბსიდირებისთვის ჩაბრუნებას ითვალისწინებს. გადასახადების ოდენობა ყოველკვირეულად ფასების ინდიკატორებით გამოითვლება, რაც მოსკოვის ბირჟაზე რეგისტრირებულ საექსპორტო კონტრაქტების ფასებს ეფუძნება.

142 ნახვა
desktop
mobile catfish