ამერიკის შეერთებული შტატები, საუბრობს რა უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების სავარაუდო გადაცემაზე, ზრდის დაძაბულობასა და ესკალაციას, მაგრამ ყველაფერი ეს ვერ შეცვლის სპეციალური საბრძოლო ოპერაციის მსვლელობას, ის გაგრძელდება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ეს ვითარება უბრალოდ მოითხოვს რუსეთისგან დამატებით ძალისხმევას, თუმცა ვერ შეცვლის მოვლენათა მიმდინარეობას.
„რუსეთის საკვანძო მიზანია სპეციალური საბრძოლო ოპერაციის გაგრძელება. მთავარია იმ ამოცანების შესრულება, რომლებიც სახელმწიფოს პირველი პირის მიერ დაისახა“, – განაცხადა პესკოვმა.
კითხვაზე: განიხილავს თუ არა ოფიციალური მოსკოვი არა კიევთან, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების გამართვის შესაძლებლობას, პესკოვმა აღნიშნა, რომ ჯერ მსგავსი გეგმა არ არსებობს.
„ჯერ არ არსებობს გეგმა პუტინისა და ბაიდენის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით“,- განაცხადა პესკოვმა.