შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

სისხლის ფულადი გასამრჯელოს სანაცვლოდ ჩაბარება კანონით აიკრძალება – როდის შევა ცვლილება ძალაში

პარლამენტმა ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც, სისხლის ფულადი გასამრჯელოს სანაცვლოდ ჩაბარება კანონით იქნება აკრძალული.

ცვლილებების პირველივე პუნქტში წერია, რომ – ადამიანის სისხლის (შემდგომ − სისხლი) დონორობა ეფუძნება ნებაყოფლობითობის, უანგარობისა და ანონიმურობის პრინციპებს.

კანონის მესამე თავის მიხედვით კი, პირმა სისხლი ან მისი კომპონენტი უანგაროდ, ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის გარეშე უნდა გაიღოს. დაუშვებელია გაღებული სისხლის ან მისი კომპონენტის სანაცვლოდ სისხლის ან მისი კომპონენტის დონორის მიერ ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის მიღება, აგრეთვე მისთვის ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის შეთავაზება/მიცემა.

ცვლილება 2025 წლის 1-ლი ივლისიდან შევა ძალაში. კანონის ფარგლებშივე საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფოს სახელით დაფუძნებული, ცენტრალური სისხლის დაწესებულება კერძო სისხლის ბანკებს ჩაანაცვლებს.

სისხლის ცენტრალური დაწესებულება ჯანდაცვის სამინისტროს დაექვემდებარება, რომლისთვისაც 16 მლნ ლარი უნდა გამოყოს.

განისაზღვრება ლიმიტებიც, რამდენი კერძო და რამდენი სახელმწიფო დაწესებულება იარსებებს ქვეყანაში. შეიქმნება სისხლის სამი დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სისხლის შეგროვებაზე, დამუშავებაზე, ტესტირებაზე, შენახვასა და განაწილებაზე. მათგან ერთი – სახელმწიფო, ორი კი კერძო დაწესებულება იქნება.

პარალელურად იარსებებს კლინიკების ბაზაზე დაფუძნებული სისხლის ბანკები, რომლებსაც მხოლოდ სისხლის შენახვა და გაცემა შეეძლებათ.