შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

კრემლი: პუტინი და ერდოანი 4 სექტემბერს სოჭში გამართავენ მოლაპარაკებებს

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი, 4 სექტემბერს სოჭში გამართავენ მოლაპარაკებებს, იუწყება კრემლის პრესსამსახური.

მიმდინარე კვირის დასაწყისში თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ იტყობინებოდა სექტემბრის დასაწყისში პუტინისა და ერდოანის სოჭში შეხვედრის შესახებ. აღინიშნა, რომ მომავალ შეხვედრაზე განიხილება შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შესაძლო განახლება ან ამ შეთანხმების ალტერნატივა.

პარასკევს პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მოლაპარაკებების ზუსტი თარიღი გამოაცხადა. „მოლაპარაკებები ორშაბათს გაიმართება, ის შედგება სოჭში, დღის შუა ნაწილში,“ – განაცხადა პესკოვმა.

ეს ორი ლიდერის პირველი შეხვედრა იქნება მას შემდეგ, რაც ივლისის შუა რიცხვებში დასრულდა მარცვლეულის შეთანხმება. ამასთან, რუსეთისა და თურქეთის ლიდერები მუდმივ კონტაქტში იმყოფებიან. მათი ბოლო სატელეფონო საუბარი 2 აგვისტოს შედგა, წერს ტასი.

მარცვლეულის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სურსათის ექსპორტი წარმოებდა რუსეთის მიერ დაბლოკილი შავი ზღვის პორტებიდან, 2022 წლის ივლისში დაიდო. ოთხმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერეს უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებმა თურქეთისა და გაეროს მონაწილეობით. შეთანხმება ითვალისწინებდა პირობებს შავი ზღვის გავლით რუსეთისა და უკრაინის პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეუფერხებლად ექსპორტისთვის შუამავლების გარანტიით.

2023 წლის 17 ივლისს რუსეთი გავიდა მარცვლეულის შეთანხმებიდან. მოსკოვმა განაცხადა, რომ შეთანხმებათა ნაწილი, რომლებიც რუსული სასუქებისა და სურსათის ექსპორტს ეხებოდა, არ შესრულდა.

18 ივლისს რუსეთის ჯარებმა დაიწყეს ოდესის რეგიონის რეგულარული დაბომბვა და საპორტო ინფრასტრუქტურის განადგურება. ამასთან, დაბომბვის მიზეზად კრემლმა დაასახელა 17 ივლისის ღამეს ყირიმის ხიდზე თავდასხმა.

ივლისის ბოლოს The Wall Street Journal-ის წყაროები იტყობინებოდნენ, რომ პუტინი უგულებელყოფს ერდოანის თხოვნას მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე მოლაპარაკებების შესახებ. გამოცემის თანამოსაუბრეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, შეთანხმებიდან მოსკოვის გასვლის მიზეზად დაასახელეს თურქეთის მიერ პოლკ „აზოვის“ მეთაურების უკრაინაში ექსტრადიციით პუტინის უკმაყოფილება. მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნის დამცველები 2022 წლის გაზაფხულზე დანებდნენ და გაცვლის შედეგად ისინი სტამბოლში გადაიყვანეს. გაცვლის პირობების თანახმად, ისინი ომის დასრულებამდე თურქეთში უნდა დარჩენილიყვნენ.