შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

სექტემბერში სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 9 ათასით შემცირება

სექტემბერში სოციალური შემწეობა 660 833-მა ადამიანმა მიიღო, რაც აგვისტოსთან შედარებით, 9 028-ით ნაკლებია.სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სექტემბერში, სახელმწიფოსგან ფულადი დახმარება ქვეყნის მოსახლეობის 17.7%-მა, აგვისტოში კი 18%-მა მიიღო.როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოციალური შემწყეობის მიმღები პირების რაოდენობის შემცირების მიზეზებზე საუბრისას ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, სექტემბრის განახლებულ სტატისტიკაში არ არის ასახული იმ ოჯახების მაჩვენებელი, ვისი გადამოწმებაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს, ან გადამოწმების შედეგების მიხედვით, სოციალური დახმარება შეუწყდათ.„ამჟამად, გრძელდება მხოლოდ იმ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება, რომელთაც პირველადი ან განმეორებითი გადამოწმების მოთხოვნით თავად მიმართეს სოციალური დახმარების ადმინისტრირების ორგანოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. ასევე, დაიწყო იმ ოჯახების ეტაპობრივი გადამოწმება, რომელთა მიმართაც სააგენტოში წარდგენილია საჩივრები და საჭიროა შესაბამისი რეაგირება. შესაბამისად, სექტემბრის განახლებულ სტატისტიკაში არ არის ასახული იმ ოჯახების მაჩვენებელი ვისი გადამოწმებაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს, ან გადამოწმების შედეგების მიხედვით, სოციალური დახმარება შეუწყდათ,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

რაც შეეხება საარსებო შემწეობაზე დახარჯულ თანხებს – სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სექტემბერში მოქალაქეების დასახმარებლად ბიუჯეტიდან 56 450 729 ლარი დაიხარჯა.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის იანვარში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 648 176-ს შეადგენდა. შესაბამისად, იანვართან შედარებით, სექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 12 657-ით არის გაზრდილი.