შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

შსს – დაკავებულია პირი, რომელიც ბათუმში სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა და თანამშრომელს იარაღის მუქარით, 2000 ლარი გასტაცა, მიმალვის მცდელობისას კი სამართალდამცველების მიმართულებით გაისროლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 5-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმში, ერთ-ერთ სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა და თანამშრომელს იარაღის მუქარით, 2000 ლარი გასტაცა.

ბრალდებული მიმალვის მცდელობისას სამართალდამცველებს არ დაემორჩილა და მათი მიმართულებით გასროლა განახორციელა, რა დროსაც პოლიციელებმა ის განაიარაღეს და დააკავეს.

მომხდარი შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ყაჩაღობის გზით დაუფლებული ფული და დანაშაულის ჩადენის იარაღი პოლიციის მიერ ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.