შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პატრულ-ინსპექტორი ჯგუფურ ძალადობაში ამხილა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოქალაქის მიმართ, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი გ.ი იქნა მხილებული. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავმა თანმხლებ პირთან ერთად, 28 სექტემბერს, ქ. ახალციხეში, ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას, მოქალაქეზე ფიზიკურად იძალადა, რის შედეგადაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.