შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

რუსო ოკუპანტებო! გგონიათ, ყველაფრის უფლება გაქვთ – მოგვკლათ, გაიტაცოთ ჩვენი თანამემამულეები, დაიტაცოთ ჩვენი ტერიტორიები?! – ეპისკოპოსი გიორგი

რუსო ოკუპანტებო! თქვენ გგონიათ, რომ ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და ამიტომ ყველაფრის უფლება გაქვთ – მოგვექცეთ ისე, როგორც გვექცევით?!- ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, დადგება დრო, როდესაც „ყოველი ქართველის დაღვრილი სისხლისთვის დიდ ფასს გადაიხდიან“.

„რუსო ოკუპანტებო! თქვენ გგონიათ,რომ ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და ამიტომ ყველაფრის უფლება გაქვთ – მოგვექცეთ ისე, როგორც გვექცევით?! მოგვკლათ, გაიტაცოთ ჩვენი თანამემამულეები, დაიტაცოთ ჩვენი ტერიტორიები?! რით ვერ გაძეხით ჩვენი სისხლით?! ერთი რამ იცოდეთ, დადგება დრო, ყოველი ქართველის დაღვრილი სისხლისთვის დიდ ფასს გადაიხდით!

„ვინც ქვებს მიათრევს, წელს ქვავე მოსწყვეტს; ხის გამჩეხავს ხევე დაასახიჩრებს და ვინც მახვილს აიღებს მახვილითვე დაეცემა”,- აღნიშნავს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი.

ინფორმაციისთვის, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

კერძოდ, სუს-ის ინფორმაციის თანახმად, “2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე”. შსს-მ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.