არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებულის განაჩენი ცნობილია

,,პრაიმ ტაიმის,, ინფორმაციით ერთ-ერთ სუპერმარკეტში, მოლარე-ოპერატორად 17 წლის ახალგაზრდა მუშაობდა. იმავე კორპუსში მცხოვრები მამაკაცი ხშირად შედიოდა მაღაზიაში და ასე გაიცნეს ერთმანეთი მომავალმა მომჩივნ-მოპასუხემ. ნაცნობობის გარკვეული პერიოდის შემდეგ ახალგაზრდამ მოწიფულ მამაკაცს გაუპატიურებაში დასდო ბრალი და უჩივლა.

 

რამდენიმე ხნის წინ სასამართლომ მამაკაცს 11-წლიანი სასჯელი დაუდგინა, რასაც ადვოკატი, ეკატერინე მაჭარაშვილი კატეგორიულად არ ეთანხმება. ის დარწმუნებულია თავისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაში და პრაიმტაიმთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მოსამართლემ ვერ გაბედა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

– საქმე აღძრული იყო 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გაუპატიურებას არასრულწლოვნის მიმართ. გაუპატიურების შემადგენლობა ასეთია: სქესობრივი კავშირის დამყარება ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით. ამ სამი შემადგენელი ნაწილიდან არცერთი არ იყო სახეზე მოცემულ საქმეში.

 

დაცვის მხარემ ცალსახად და უტყუარად დავადასტურეთ, რომ დაზარალებულს არ აღენიშნებოდა არავითარი ძალადობრივი ნიშნები არც სხეულზე, არც სასქესო ორგანოებზე, არც ტანისამოსი ჰქონდა დაზიანებული. ეს დასტურდება ექსპერტიზის დასკვნებითაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სქესობრივი აქტი არ მომხდარა ძალის გამოყენებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს პროკურატურა ედავებოდა, რომ ძალის გამოყენებით დაამყარა სქესობრივი კავშირი და მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაზე დაყრდნობით დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

რატომ უნდა დაუჯეროს სასამართლომ მხოლოდ დაზარალებულს, თუ მისი ჩვენება ვერ მყარდება სხვა მტკიცებულებებით? უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაზარალებულის ჩვენება, თუ ის არ მყარდება მტკიცებულებებით, ითვლება სუსტ არგუმენტად და შესაძლებელია, დადგეს გამამართლებელი განაჩენი. ამ შემთხვევაში საქმე ის გახლდათ, რომ დაზარალებული იყო არასრულწლოვანი, თანაც – არატრადიციული ორიენტაციის და მისი მტკიცებით, მასთან გაუკუღმართებული გზით – ანალური და ორალური გზით დაამყარა ბრალდებულმა სქესობრივი კავშირი. ექსპერტიზამ კი ამის დამადასტურებელი ფაქტები ვერ იპოვა.

 

ძალადობას ადგილი რომ არ ჰქონია, ამას ადასტურებს ისიც, რომ ადგილი, სადაც დაზარალებულის თქმით ფაქტი მოხდა, იყო ავტოსადგომი, რომელიც 100 მეტრით იყო დაშორებული უახლოესი კორპუსიდან. მათ ერთად გაიარეს იქამდე გზა და რადგან ნებაყოფლობით იყო ეს ყველაფერი, იმიტომაც არ უხმო საშველად არავის. თუ წინააღმდეგი იყო, ეყვირა და გაიგონებდნენ კორპუსის მაცხოვრებლები. საშველად რატომ არავის უხმო?

 

ამ განაჩენით სასამართლომ შექმნა პრეცედენტი, რომ თითოეულს შეგვიძლია, ნებისიმიერ ადამიანს დავაბრალოთ, რომ არ გვსურდა ურთიერთობა და ძალადობრივად დაამყარა კავშირი და მას დასჯიან.

 

დაზარალებულის ინტერესი ის გახლავთ, რომ ის არის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი. ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი სასამართლო განჩინება უკვე იმის გარანტიაა, რომ ის არის ძალადობის მსხვერპლი, ნებისმიერ ქვეყანაში შეუძლია თავშესაფრის მოთხოვნა და დიდი ალბათობით, ეს აქვს ჩაფიქრებული.

სასამართლომ ნახა, რომ დაზარალებული სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია, ასევე დაინახა, რომ ამ საქმით დაინტერესებული იყო ბევრი არასამთავრობო და ვერ გაბედა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. მოსამართლის მიმართ არანაირი პროტესტის გრძნობა არ მაქვს და ვადასტურებ ჩემს პატივისცემას მის მიმართ, როგორ სამართლიანი მოსამართლის მიმართ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ალბათ ხმაურს მოერიდა, რადგან გამამართლებელ განაჩენს დიდი აურზაური მოჰყვებოდა როგორც ტელევიზიების, ისე არასამთავრობოების მხრიდან.

 

სიმართლე გითხრათ, გამამართლებელი განაჩენის სამართლიანობის დამტკიცებაც გაუჭირდებოდა. არა იმიტომ, რომ თავის მართლება დასჭირდებოდა, არამედ იმიტომ, რომ საქმე იყო დახურული, დაზარალებულის არასრულწლოვნების გამო და სწორედ ამავე მიზეზით, ბევრ დეტალს ვერ გაასაჯაროებდა, რაც გამამართლებელი განაჩენის სამართლიანობაში დაარწმუნებდა ყველას.

 

ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ, აუცილებლად გავასაჩივრებთ საპელაციო სასამართლოში და იმედი მაქვს, რომ 11-წლიან პატიმრობას თავისუფლებით შევცვლით. ბრალდებულს მხარში უდგანან ოჯახის წევრებიც და ძალიან გულშემატკივრობენ მას.

 

„პრაიმტაიმი“ შეეცადა დაზარალებულთან დაკავშირებას, მაგრამ ის კონტაქზე არ გამოდის.

წყარო: primetime.ge

Related posts