შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

რა მოცულობის დენს ყიდულობს საქართველო რუსეთში და რამდენს უხდის 1 კვტ/სთ-ში

ბოლო წლების განმავლობაში საქართველო ყოველწლიურად საშუალოდ 65-78 მილიონი დოლარის ელექტროენერგიას ყიდულობს. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, მთავარი იმპორტიორები მეზობელი ქვეყნები – სომხეთი, რუსეთი და აზერბაიჯანია.

2022 წლის 1-ელ ორ თვეში დენის იმპორტში საქართველომ 21 611 730 აშშ დოლარი გადაიხადა. მათ შორის, სომხეთიდან იმპორტი – 10 126 070 დოლარი დაგვიჯდა, აზერბაიჯანიდან – 8 673 250 აშშ დოლარი, ხოლო რუსეთიდან – 2 812 410 დოლარი.

თუ გავითვალისწინებთ შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობას და გადახდილ თანხას, ქვეყანამ ყველაზე იაფად დენი რუსეთში შეიძინა – ერთი კვტ.სთ საშუალოდ 5.3 ცენტი დაუჯდა. უფრო კონკრეტულად, წელს საქართველოში რუსეთიდან ჯამში 513 მლნ კვტ.სთ დენის იმპორტი განხორციელდა, აქედან 460.9 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია აფხაზეთს მიეწოდა, (ამ თანხას საქართველოს მთავრობა არ იხდის). შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას რუსული დენის მხოლოდ მცირე ნაწილი – 52.1 მლნ კვტ.სთ მოხმარდა. თუ იანვარ-თებერვლის განმავლობაში იმპორტში გადახდილ თანხას ავიღებთ, გამოვა, რომ ქვეყანამ კვტ.სთ რუსული დენი 5.4 ცენტად იყიდა.

რაც შეეხება, სომხეთსა და აზერბაიჯანს, წელს საქართველომ სომხეთში ჯამში 135.9 მლნ კვტ.სთ დენი იყიდა, ანუ ერთი კვტ.სთ-ს შესყიდვა საშუალოდ 7.5 ცენტი დაუჯდა. აზერბაიჯანიდან კი 114.8 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შევისყიდეთ და საშუალოდ, კვტ.სთ დენი 7.6 ცენტად ვიყიდეთ.

ცნობისათვის, იმპორტირებული დენის ფასი შედგება დღის, ღამის და უქმე დღეების ტარიფის შეწონვიდან. ზემოთ აღნიშნული მონაცემი, ანუ ტარიფი გამოყვანილია საშუალო მაჩვენებლიდან და არ ასახავს დღის/ღამის და უქმეების ტარიფს.