პრემიერ-მინისტრმა კოვიდბარათი აიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, ქუთაისის იუსტიციის სახლში, კოვიდბარათები აიღეს.

მთავრობის მეთაური კოვიდბარათების გაცემის პროცესით დაინტერესდა. აღნიშნული სერვისის დანერგვის დღიდან ამ დრომდე, მხოლოდ იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მიერ 25 000 კოვიდბარათია გაცემული.

იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში კოვიდბარათების გაცემა 17 აგვისტოდან დაიწყო. ბარათის აღება მოქალაქეებისთვის უფასოა. დოკუმენტის მიღება საქართველოს მასშტაბით ყველა ფილიალშია შესაძლებელი. ბარათზე პირისთვის ჩატარებული სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR-კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე, აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემებია დატანილი და იუსტიციის სახლის შტამპითაა დამოწმებული.

კოვიდბარათი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, განცხადების წარდგენისთანავე გაიცემა, მომსახურების მიღება კი, ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი.

ქუთაისის იუსტიციის სახლში, პრემიერთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე იმყოფებოდნენ.

42 ნახვა
desktop
mobile catfish