შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

წელს საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზრდება – პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა 2022 წლის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 9.5%-ით გაიზრდება. უნდა აღინიშნოს, რომ არსებული პროგნოზი საბიუჯეტო ოფისის წინა პროგნოზთან შედარებით, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა, გაუმჯობესებულია 2.8%-ით.

შეგახსენებთ, რომ წინა პროგნოზით მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკის 6.7%-იანი ზრდა იყო მოსალოდნელი. გარდა ამისა, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზი აღემატება საქართველოს მთავრობის პროგნოზსაც, კერძოდ, ხელისუფლება წელს ეკონომიკის 8.5%-იან ზრდას ვარაუდობს.

რაც შეეხება საბიუჯეტო ოფისის მიერ გაუმჯობესებული პროგნოზის არგუმენტებს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მიმდინარე წელს და საშუალოვადიან პერიოდში შენარჩუნდება კორონა ვირუსის პანდემიის შემდეგ დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, უფრო მეტად გაიზრდება ტურიზმის მაჩვენებლები, მნიშვნელოვან დონეზე შენარჩუნდება საგარეო ვაჭრობის და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები. დაშვებისას ასევე მხედველობაშია მიღებული როგორც ქვეყნის შიდა ეკონომიკური აქტივობა, ასევე საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებები და პროგნოზი. შედეგად, მოსალოდნელია, რომ 2022 წლისათვის მნიშვნელოვნად გამოცოცხლდება ტურისტული სექტორიც 2021 წელთან შედარებით, გაიზრდება როგორც მომსახურების ექსპორტი, ისე იმპორტი. ინფლაცია კი შემცირებას მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყებს.

გარდა ამისა, დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ეკონომიკის საშუალოვადიან ზრდაზეც. საბიუჯეტო ოფისი ვარაუდობს, რომ 2022-2026 წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის საშუალო ზრდა 6% იქნება, რაც წინა საპროგნოზო მაჩვენებელს 0.6%-ით აღემატება.