კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა დღე-ღამეში საშუალოდ 11.7 საათს საკუთარ თავზე ზრუნვასა და მოვლაზე ხარჯავს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა დღე-ღამეში საშუალოდ 11.7 საათს ხარჯავს საკუთარ თავზე ზრუნვასა და მოვლაზე, 4.2 საათს – კულტურულ, დასვენების, სპორტულ და მასმედიასთან დაკავშირებულ აქტივობებზე, 2.6 საათს – დასაქმებასა და მასთან დაკავშირებულ აქტივობებზე, 2.1 საათს – შინამეურნეობისა და ოჯახის წევრებისთვის გაწეულ აუნაზღაურებელ საოჯახო მომსახურებაზე, 1.4 საათს – სოციალიზაციაზე, კომუნიკაციაზე, სათემო და რელიგიურ აქტივობებში მონაწილეობაზე, 0.9 საათს – საკუთარი საბოლოო მოხმარებისთვის პროდუქციის წარმოებაზე, 0.6 საათს – შინამეურნეობისა და ოჯახის წევრებისთვის გაწეულ აუნაზღაურებელ ზრუნვის მომსახურებაზე, 0.3 საათს – სწავლაზე, ხოლო 0.1 საათს – სტაჟირებაზე, მოხალისეობრივ და სხვა სახის აუნაზღაურებელ შრომაზე.

„საქსტატის“ ცნობით, აქტივობებზე დახარჯული დროის მიხედვით, ყველაზე დიდი განსხვავება ქალებსა და კაცებს შორის აუნაზღაურებელი საოჯახო მომსახურების შემთხვევაში შეინიშნება, რომელზეც ქალები, კაცებთან შედარებით, დღეში 4.9-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ. დასაქმებისა და მასთან დაკავშირებული აქტივობების შემთხვევაში კი სურათი საპირისპიროა – კაცების მიერ დახარჯული საშუალო დრო 1.9-ჯერ აღემატება ქალების ამავე მაჩვენებელს.

„საქართველოს მოსახლეობა დასაქმებასა და მასთან დაკავშირებულ აქტივობებზე დღეში საშუალოდ 2.6 საათს ხარჯავს. ეს მაჩვენებელი დასახლების ტიპის მიხედვით განსხვავებულია, კერძოდ, თბილისში მცხოვრები მოსახლეობა ამ აქტივობებზე დღეში საშუალოდ 3.4 საათს ხარჯავს, სხვა ქალაქებში – 2.7 საათს, ხოლო სოფლებში – 1.9 საათს. დასაქმებასა და მასთან დაკავშირებულ აქტივობებში ჩართული მოსახლეობა (მონაწილეები) ამ აქტივობებზე დღეში საშუალოდ 8.2 საათს ხარჯავს. თბილისში მონაწილეების მიერ დასაქმებასა და მასთან დაკავშირებულ აქტივობებზე დღეში საშუალოდ დახარჯული დრო 9.1 საათს შეადგენს, ხოლო სხვა ქალაქებსა და სოფლებში შედარებით ნაკლებს – 8.6 საათს და 7.0 საათს, შესაბამისად. მონაწილე ქალები, კაცებთან შედარებით, ამ აქტივობებზე დღეში საშუალოდ 0.9 საათით ნაკლებს ხარჯავენ (7.7 საათი და 8.6 საათი, შესაბამისად).

საქართველოს მოსახლეობა საკუთარი საბოლოო მოხმარებისთვის პროდუქციის წარმოებაზე დღეში საშუალოდ 0.9 საათს ხარჯავს. ამ აქტივობებში ჩართული მოსახლეობის წილი (მონაწილეობის დონე) ყველაზე მაღალი სასოფლო ტიპის დასახლებებშია და 55.0 პროცენტს შეადგენს, ყველაზე დაბალი კი თბილისშია – 6.3 პროცენტი. მონაწილეები საკუთარი საბოლოო მოხმარებისთვის პროდუქციის წარმოებაზე დღეში საშუალოდ 3.1 საათს ხარჯავენ. სასოფლო ტიპის დასახლებებში კაცები ამ აქტივობებს დღეში საშუალოდ 3.9 საათს უთმობენ, თბილისში და სხვა ქალაქებში კი ეს მაჩვენებელი ნაკლებია (3.4 საათი და 3.3 საათი, შესაბამისად). სამივე ტიპის დასახლებაში, მონაწილე ქალები, კაცებთან შედარებით, ამ აქტივობებზე დღეში საშუალოდ 1.3 საათით ნაკლებს ხარჯავენ.

საქართველოს მოსახლეობა შინამეურნეობისა და ოჯახის წევრებისთვის გაწეულ აუნაზღაურებელ საოჯახო მომსახურებაზე დღეში საშუალოდ 2.1 საათს ხარჯავს. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 3.4 საათია, ხოლო კაცების შემთხვევაში – 0.7 საათი. დასახლების ტიპის მიხედვით, ამ აქტივობებზე დღეში საშუალოდ დახარჯული დრო არ განსხვავდება კაცებისთვის და 0.7 საათს შეადგენს. ქალები, კაცებთან შედარებით, 5-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ სოფლებში (3.6 საათი), თბილისსა და სხვა ქალაქებში კი 4.8-ჯერ მეტ დროს (3.2 საათი). 15-44 წლის ასაკობრივ ჯგუფში, ამ აქტივობებზე ქალების მიერ დახარჯული დრო, კაცების ანალოგიურ მაჩვენებელს 5.9-ჯერ აღემატება, 45-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში – 4.9-ჯერ, ხოლო 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში – 3.3-ჯერ. საქართველოს მოსახლეობა შინამეურნეობისა და ოჯახის წევრებისთვის გაწეულ აუნაზღაურებელ ზრუნვის მომსახურებაზე დღეში საშუალოდ 0.6 საათს ხარჯავს. ამ აქტივობებზე ქალები დღეში საშუალოდ 0.9 საათს ხარჯავენ, რაც 4.5-ჯერ აღემატება კაცების მიერ დღეში დახარჯულ საშუალო დროს (0.2 საათი). ამ აქტივობებზე ქალების მიერ დახარჯული დრო, კაცების მიერ დახარჯულ დროს, თბილისსა და სხვა ქალაქებში 4.1-ჯერ აღემატება, ხოლო სოფლებში – 5.2-ჯერ. ქალებსა და კაცებს შორის ყველაზე დიდი განსხვავება აუნაზღაურებელი ზრუნვის მომსახურებაზე დახარჯული დროის მიხედვით 25-44 წლის ასაკობრივ ჯგუფშია. ეს განსხვავება შედარებით ნაკლებია 45 წელზე უფროსი ასაკის პირებში.

მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის მე-5 მიზანია „გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგოს გაძლიერება“, რომლის შესრულების მონიტორინგისთვის რეკომენდებული ინდიკატორია SDG 5.4.1 „აუნაზღაურებელ ზრუნვასა და საოჯახო შრომაზე დახარჯული დროის წილი“. ქალების მიერ აუნაზღაურებელ ზრუნვასა და საოჯახო შრომაზე დახარჯული დროის წილი 17.8 პროცენტს შეადგენს, რაც 4.8-ჯერ აღემატება კაცების ამავე მაჩვენებელს (3.7 პროცენტი). თბილისში გენდერული თანაფარდობა 4.6-ს შეადგენს, სხვა ქალაქებში – 5.1-ს, ხოლო სოფლებში – 4.5-ს.

ყველა ტიპის დასახლებაში და ყველა ასაკობრივ ჯგუფში აუნაზღაურებელ ზრუნვასა და საოჯახო შრომაზე ქალების მიერ დახარჯული დრო მკვეთრად აღემატება კაცების ამავე მაჩვენებელს. აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 25-44 წლის ქალებში და 23.0 პროცენტს შეადგენს.

საქართველოს მოსახლეობა სტაჟირებაზე, მოხალისეობრივ და სხვა სახის აუნაზღაურებელ შრომაზე დღეში საშუალოდ 0.1 საათს ხარჯავს. ამ აქტივობებში ჩართული მოსახლეობის წილი (მონაწილეობის დონე) 2.6 პროცენტს შეადგენს. ეს მაჩვენებელი კაცების შემთხვევაში 3.0 პროცენტია, ხოლო ქალების შემთხვევაში – 2.3 პროცენტი. თბილისში, მონაწილე კაცების მიერ დღეში დახარჯული საშუალო დრო ქალების მიერ დახარჯულ დროს 1.8 საათით აღემატება, სოფლებში – 1.4 საათით, ხოლო სხვა ქალაქებში 0.3 საათით ჩამორჩება. მონაწილე კაცების მიერ დახარჯული საშუალო დრო ყველა ასაკობრივ ჯგუფში აღემატება ქალების ანალოგიურ მაჩვენებელს.

საქართველოს მოსახლეობა სწავლაზე დღეში საშუალოდ 0.3 საათს ხარჯავს. სწავლაში ჩართული მოსახლეობა ამ აქტივობაზე დღეში საშუალოდ 4.8 საათს ხარჯავს. ეს მაჩვენებელი ქალებისთვის 4.5 საათს, ხოლო კაცებისთვის 4.7 საათს შეადგენს. როგორც ქალების, ასევე კაცების შემთხვევაში, სწავლაზე დახარჯული საშუალო დრო ასაკის მატებასთან ერთად მკვეთრად მცირდება.

საქართველოს მოსახლეობა სოციალიზაციაზე, კომუნიკაციაზე, სათემო და რელიგიურ აქტივობებზე დღეში საშუალოდ 1.4 საათს ხარჯავს. კაცები ამ აქტივობებს დღეში საშუალოდ 1.6 საათს უთმობენ, რაც 0.4 საათით აღემატება ქალების ანალოგიურ მაჩვენებელს (1.2 საათი). სამივე ტიპის დასახლებაში აღნიშნული განსხვავება მსგავსია და 0.4 საათს შეადგენს. ასაკის მატებასთან ერთად მცირდება როგორც ამ აქტივობებზე დახარჯული დრო, ასევე გენდერული განსხვავებები.

საქართველოს მოსახლეობა კულტურულ, დასვენების, სპორტულ და მასმედიასთან დაკავშირებულ აქტივობებზე დღეში საშუალოდ 4.2 საათს ხარჯავს. ქალები ამ აქტივობებზე დღეში საშუალოდ 3.9 საათს ხარჯავენ, რაც 0.9 საათით ჩამორჩება კაცების ანალოგიურ მაჩვენებელს (4.7 საათი). თბილისში ამ აქტივობებს დღეში საშუალოდ 4.1 საათს უთმობენ, სხვა ქალაქებსა და სოფლებში კი – 4.3 საათს. ყველა ტიპის დასახლებაში და ყველა ასაკობრივ ჯგუფში კაცების მიერ დახარჯული დრო აღემატება ქალების ანალოგიურ მაჩვენებელს. ამ აქტივობებზე ყველაზე ნაკლებ დროს 25-44 წლის ქალები და კაცები ხარჯავენ (2.8 საათი დღეში და 3.9 საათი დღეში, შესაბამისად), ყველაზე მეტ დროს კი 65 წლის და უფროსი ასაკის ქალები და კაცები (5.4 საათი დღეში და 6.4 საათი დღეში, შესაბამისად).

საკუთარ თავზე ზრუნვასა და თავის მოვლასთან დაკავშირებული აქტივობებიდან ყველაზე მეტი დრო ძილს და მასთან დაკავშირებულ აქტივობებს ეთმობა. ქალების შემთხვევაში ეს მაჩვენებლი 9.1 საათია, ხოლო კაცების შემთხვევაში 9.0 საათი. საკვებისა და სასმელის მიღებას ქალები 1.5 საათს, ხოლო კაცები 1.6 საათს უთმობენ. პირადი ჰიგიენისა და თავის მოვლის აქტივობებზე დახარჯული დრო კი ორივე სქესისთვის ერთნაირია და 1.0 საათს შეადგენს.

ბავშვზე ზრუნვასთან დაკავშირებულ აქტივობებში ჩართულია საქართველოში მცხოვრები დედების 80.2 პროცენტი, რაც 2.1-ჯერ აღემატება მამების ანალოგიურ მაჩვენებელს (37.6 პროცენტი). დასახლების ტიპის მიხედვით, თბილისში მცხოვრები მამების მონაწილეობის დონე ყველაზე მაღალია და 43.1 პროცენტს შეადგენს, სხვა ქალაქებში – 36.1 პროცენტს, ხოლო სოფლებში – 34.4 პროცენტს. დედები ბავშვზე ზრუნვაზე კვირაში საშუალოდ 20.4 საათს ხარჯავენ, რაც 5.2-ჯერ aღემატება მამების ანალოგიურ მაჩვენებელს (3.9 საათი კვირაში),“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, 2020-2021 წლებში საქართველოში დროის გამოყენების გამოკვლევა პირველად ჩაატარა, რომლის მიზანსაც საქართველოში დროის გამოყენების შესახებ სტატისტიკურად სანდო და საერთაშორისო დონეზე შესადარისი მონაცემების მიღება, გენდერული სტატისტიკის გაუმჯობესება, მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მაჩვენებლების გაანგარიშება და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისკენ მიმართული პოლიტიკის ინფორმირება წარმოადგენდა.

„საქსტატის“ ცნობით, გამოკვლევისათვის ქვეყნის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 680 შინამეურნეობა შეირჩა. გამოკვლევაში მონაწილეობა 15 წლისა და უფროსი ასაკის პირებმა მიიღეს, რომლებიც დროის გამოყენების დღიურებში 10 წუთიანი ინტერვალით აღწერდნენ მათ მიერ განხორციელებულ აქტივობებს წინასწარ დადგენილი სრული ორი დღისთვის.

110 ნახვა
desktop
mobile catfish