„პუბლიკის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო ბრალდებულებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 3000-3000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „პუბლიკა“ ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულაშვილმა მიიღო, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა.
სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ ბრალდებულები - ლევან ზარდიაშვილი და საბა მინდიაშვილი.
ინფორმაციისთვის, ინციდენტი 2025 წლის, 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, მაშინდელი „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, „პუბლიკის“ ჟურნალისტ ქეთო მიქაძეზე იძალადა და ტელეფონი წაართვა ლევან ზარდიაშვილმა. იმავე დღეს მოხდა ალექსანდრე ქეშელაშვილთან დაკავშირებული ეპიზოდიც, რა დროსაც ქეშელაშვილს, ტელეფონი წაართვეს, შემდეგ კი დაუბრუნეს.
ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს ბრალდება გუშინ, 5 მარტს წარედგინათ.
ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.