ტელე-რადიო კომპანია ,,თრიალეთის" გენერალური დირექტორი, ბადრი ნანეტაშვილი, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.
📍 მიმართვა, ბატონ ბიძინა ივანიშვილს.
ბატონო ბიძინა,
როგორც ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ წილის მფლობელს და "ქართული ოცნების’ საპატიო თავმჯდომარეს, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუ როგორ ზეწოლას ახდენს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „თრიალეთზე“ და გთხოვოთ, თქვენი მხარდაჭერა!
ღია წერილს გწერთ, რადგან არ ვიცი სხვა გზა, რომლითაც ჩემი ხმა თქვენამდე მოვა.
როგორც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, თქვენ გაავრცელეთ განცხადება, სადაც მოუწოდებდით ტელეკომპანიების მფლობელებს, რომ თქვენთვის მოეყიდათ ტელევიზიიები და პირობა დადეთ, რომ ორ წელიწადში მათ, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად დაუბრუნებდით.
ჩვენ ამავე დროს, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები გვთავაზობდნენ, 6 მილიონ დოლარად მიგვეყიდა, მხოლოდ ტელევიზია, ქონების და რადიოს გარეშე, მაგრამ, ჩვენ, როგორც თქვენმა მხარდამჭერებმა, მიუხედავად დიდი რისკებისა და ზეწოლებისა, უარი ვთქვით მათ წინადადებაზე.
აღსანიშნავია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების ზეწოლების, მუქარების და შანტაჟების ქვეშ, მხოლოდ ჩვენ დავდექით თქვენს გვერდით და დაგითმეთ ტელევიზიის და რადიოს ეთერი.
თავდაპირველად, თქვენი წარმომადგენლები მთავაზობდნენ კომპანიის მთლიანად შესყიდვას, თუმცა მოგვიანებით, თავადვე გადაწყვიტეს მხოლოდ ათი პროცენტი წილის ყიდვა, რაზეც მე ისევ დავთანხმდი.
ხელშეკრულების გაფორმებისას, მათი თხოვნით, დოკუმენტში არ ჩაიწერა, რომ წილის დაბრუნება უნდა მომხდარიყო. მათვე განმიმარტეს, რომ ეს ფორმალურ საკითხს წარმოადგენდა და სიმბოლურ ფასად დაბრუნება, ნებისმიერ შემთხვევაში, შესრულდებოდა.
შემდეგში, ტელევიზიის მთელი კოლექტივის რისკის ფონზე, ჩვენ არხზე გადიოდა “მეცხრე არხის" გადაცემები და ასევე, ჩვენ საინფორმაციო გამოშვებაში და თოქ-შოუებში მზადდებოდა არანაკლები პროგრამები.
მართლაც, მოხდა თქვენი გამარჯვება და ხელისუფლების შეცვლა. წილის დაბრუნების საკითხი, ჩვენც არასოდეს გვიხსენებია და სავარაუდოდ, თქვენც გამოგრჩათ და ამ დრომდე, “თრიალეთის” დოკუმენტებში დაფიქსირებულია, რომ თქვენი კუთვნილი ორგანიზაცია ფლობს, შპს ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის” წილს.
ახლა, როდესაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი უპირისპირდება “თრიალეთს”, ვფიქრობთ, რომ მხოლოდ თქვენ შეძლებთ ამ ზეწოლის შეჩერებას და მოგმართავთ, როგორც ჩვენი კომპანიის ერთ-ერთ მფლობელს, დაგვიდგეთ მხარში და გადაარჩინოთ “თრიალეთი” განადგურებას!
2012 წელს, თქვენ პირადად განაცხადეთ, რომ მაქსიმალურად იზრუნებდით მედიის თავისუფლებაზე, და ამ იმედით დავიწყეთ, ჩვენც, სიტყვის თავისუფლების, ობიექტურობის და სამართლიანობის პრინციპების დაცვით მუშაობა. ხელისუფლების დადებით ნაბიჯებთან ერთად, ვაშუქებდით პრობლემებსაც, საზოგადოების უკმაყოფილებასაც და ისეთ შემთხვევებსაც, თუ რომელიმე თანამდებობის პირმა გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას.
სიტყვის თავისუფლების ამ პრინციპული პოზიციის გამო, წლების განმავლობაში მუდმივად გვქონდა სირთულეები. განსაკუთრებით, შიდა ქართლის გუბერნატორებისა და სხვა ადგილობრივი ჩინოვნიკების მხრიდან. ზეწოლის ფონზე „თრიალეთის“ ფინანსური მდგომარეობა თანდათანობით გაუარესდა. შემცირდა სარეკლამო შემოსავლები.
მძიმე ფინანსური დარტყმა იყო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, რამაც ტექნიკის სრული ჩანაცვლება მოითხოვა. ამ მიზნით, იძულებულები გავხდით აგვეღო 250,000 დოლარის ბანკის სესხი. ამას დაერთო ლარის მკვეთრი გაუფასურება, რამაც სესხის გადახდა საგრძნობლად გააძვირა. ამ ფონზე „თრიალეთი“ ვერ ახერხებდა ყველა გადასახადის დაფარვას და დაგროვდა დავალიანება ბიუჯეტის წინაშე, რასაც მუდმივად ემატებოდა ყოველდღიური საურავი.
შემოსავლების სამსახურიდან, არავინ არ გვთხოვდა გადახდას, თუმცა ვფიქრობდით, ხომ არ ხდებოდა ჩვენთვის ვალის დაგროვება და როდესღაც, სიტყვის თავისუფლების გამო, ამ მიზეზით, მომხდარიყო ჩვენზე ზეწოლა. ამის გამო, ჩვენ ბევრჯერ მივმართეთ შემოსავლების სამსახურს, რომ მოეხდინათ ვალის რესტრუქტურიზაცია ან საგადასახადო შეთანხმება, მაგრამ ყველა თხოვნაზე უარის პასუხს ვიღებდით.
30 ივნისს, შემოსავლების სამსახურმა ჩვენს ანგარიშებს ინკასო დაადო და ხდება ყველა ჩარიცხული თანხის მოხსნა და ანგარიშების განულება, რის გამოც ვეღარ ვიხდით საარსებო ხარჯებს, თანამშრომლების ხელფასებს, ელექტროენერგიის, ინტერნეტის გადასახადებს და ამის გამო, რამდენიმე დღეში, ტელე და რადიო მაუწყებლობის შეჩერება გარდაუვალი იქნება.
მიგვაჩნია, რომ ინკასოს დადება პირდაპირ კავშირშია სუს-ის ხელმძღვანელის ანრი ოხანაშვილის მიერ კლასელის და მეჯვარის გორის მერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შესახებ სიუჟეტთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის კრიტიკასთან, რომელიც გაჟღერდა ჩვენს ერთ-ერთ თოქ-შოუში.
ზუსტად ამის შემდეგ, თავდაპირველად, შიდა ქართლის ხელისუფლების წარმომადგენლებს, სავარაუდოდ სუს-ის დავალებით, აუკრძალეს „თრიალეთის“ ეთერში სტუმრობა და ჟურნალისტებისთვის ინტერვიუს მიცემა, და უკვე, 30 ივნისს, მოხდა „თრიალეთის“ ანგარიშებზე ინკასოს დადება!
ბატონო ბიძინა,
გთხოვთ, დაგვიდგეთ გვერდით. არ მისცეთ საშუალება „თრიალეთი“ გაანადგურონ. ჩვენს ტელეკომპანიას 35 წლიანი უწყვეტი მაუწყებლობის ისტორია აქვს. ამ დროის განმავლობაში, მხოლოდ ომის დროს 2 თვით შეჩერდა და ნუ გახდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მიზეზი, რის გამოც საბოლოოდ დადუმდება ჩვენი არხი.
გთხოვთ, დაგვეხმაროთ, რომ დაჩქარებულად მოახდინონ ინკასოს მოხსნა და უზრუნველყონ ჩვენი კომპანიისთვის კანონით დადგენილი გზების, დავალიანების გადანაწილებისა და საგადასახადო შეთანხმების, ხელმისაწვდომობა, რათა, ვიმუშაოთ და თან შეძლებისდაგვარად ვიხადოთ გადასახადები.
მოგვცენ თავისუფალი მუშაობის საშუალება. არ ვიყოთ იმის მოლოდინში, თუ ხელისუფლება, რომელი სიუჟეტის შემდეგ შეწყვეტს ჩვენთან ურთიერთობას, ან როდის დაიწყებს ჩვენს გაუქმებაზე მუშაობას.
გთხოვთ, მომცეთ თქვენთან შეხვედრის საშუალება, რომ პირადად გითხრათ, ყველა ზეწოლის შესახებ, რაც ჩვენს მიმართ ხორციელდება.
იმედით ველოდები თქვენს გადაწყვეტილებას.
პატივისცემით, ბადრი ნანეტაშვილი.
შპს „ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“.