საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ირაკლი კირცხალიას
ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარეს შალვა კერესელიძეს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს არჩილ გორდულაძეს
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს რატი იონათამიშვილს
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ლევან მახაშვილს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის
თავმჯდომარეს ირაკლი ქადაგიშვილს
გაცნობებთ, რომ შპს "ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" უკვე მრავალი თვეა ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლის, შერჩევითი სამართლისა და დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლია, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიის არსებობას საქართველოში.
წლების განმავლობაში არაერთმა სისტემურმა ფაქტორმა, მათ შორის ციფრულ მაუწყებლობაზე იძულებით გადასვლამ, პანდემიის პერიოდში შემოსავლების გარეშე მაუწყებლობამ, სარეკლამო ბაზრის დასუსტებამ და ზოგიერთ მედია საშუალებაზე პოლიტიკურმა ზეწოლამ, თითქმის ყველა მედიასაშუალებისთვის ვალის დაგროვება გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრობლემა საერთო ხასიათისაა, გასულ წელს ორჯერ, ხოლო მიმდინარე წლის 9 იანვრიდან უკვე მესამედ, ხელისუფლებამ უკიდურესი სანქცია - ინკასო, გამოიყენა მხოლოდ ტელეკომპანია "თრიალეთის" მიმართ. შედეგად, ჩვენ ანგარიშებზე შემოსული ნებისმიერი თანხა სრულად იჭრება, რაც ფაქტობრივად პარალიზებას უკეთებს მაუწყებლის საქმიანობას და რეალურ საფრთხეს უქმნის მის არსებობას.
დღეის მდგომარეობით, უკვე 7 თვეა, ხელფასის გარეშე მუშაობენ "თრიალეთის" თანამშრომლები და მაუწყებლობისთვის აუცილებელი სხვადასხვა ხარჯები ნასესხები თანხით იფარება. შექმნილი ვითარების გამო ტელეკომპანია უკვე გაითიშა სატელიტური მაუწყებლობიდან და არსებობს რეალური საფრთხე, უახლოეს პერიოდში შეწყდეს საეთერო მაუწყებლობაც.
ამავე დროს, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით, ხელისუფლებასთან დაახლოებულ ტელეკომპანიებს ("რუსთავი 2", "იმედი") გააჩნიათ მნიშვნელოვნად უფრო დიდი საგადასახადო დავალიანება, თუმცა მათ მიმართ არც მსგავსი სანქციები გამოიყენება და არც სხვა იძულებითი ამოღების მექანიზმები.
განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ტელედებატების დროს, საჯაროდ დაადასტურა შერჩევითი მიდგომის არსებობა. მისი განცხადებით, გარკვეული ტელევიზიები, მრავალმილიონიანი დავალიანების მიუხედავად, არ ექვემდებარებიან სანქციებს, მაშინ როდესაც "თრიალეთის" მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება უკიდურესი რეპრესიული ზომები.
აქვე, გამოიკვეთა, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს (სავარაუდოდ ასევე "იმედს" და "პოსტვ"-ს) სახელმწიფომ გაუკეთა საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია და საგადასახადო შეთანხმება, მაშინ როცა "თრიალეთის" არაერთი ოფიციალური მოთხოვნა ანალოგიური პირობების მიღებაზე, ყოველ ჯერზე უარყოფილია.
იხილეთ ლინკი: https://youtu.be/GoX8LJiGdyA
პრემიერ-მინისტრის საჯარო განცხადება წარმოადგენს თანასწორობის პრინციპის დარღვევის და დისკრიმინაციული მიდგომის აშკარა და პირდაპირ მტკიცებულებას.
ფაქტია, რომ:
• ტელეკომპანია "თრიალეთს" დაუბლოკეს საბანკო ანგარიშები;
• არ ეძლევა ვალის რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობა;
• მიმდინარეობს ადმინისტრაციული და ფინანსური ზეწოლა;
• და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც სხვა ტელევიზიებს, ან საერთოდ არ სთხოვენ დავალიანების გადახდას, ან სთავაზობენ შეღავათიან პირობებს.
ეს ფაქტი ნათლად მიუთითებს შერჩევით და დისკრიმინაციულ პოლიტიკაზე, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის პრინციპს, ასევე საერთაშორისო ვალდებულებებს მედიის თავისუფლებისა და სამართლის უზენაესობის სფეროში.
"თრიალეთის" მიმართ დაირღვა ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 4. კანონის წინაშე თანასწორობა, მუხლი 6. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და მუხლი 7. საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა.
ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია როგორც ფინანსთა სამინისტროდან და შემოსავლების სამსახურიდან, ასევე პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციიდან, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან, „იმედთან“ და „POSTV“-სთან გაფორმებული საგადასახადო შეთანხმებებისა და რესტრუქტურიზაციის პირობების შესახებ, თუმცა შესაბამისი უწყებები დღემდე არ გვაწვდიან მოთხოვნილ ინფორმაციას.
მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ მიზანმიმართულად გადაწყვიტა "თრიალეთის" სამაგალითო დასჯა და დახურვა, რათა ეს გახდეს გაფრთხილება ყველა იმ თავისუფალი მედიისთვის, რომელიც კრიტიკულ და დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას ინარჩუნებს.
ხელისუფლების სხვადასხვა შტო ერთობლივად უპირისპირდება ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთს". ფინანსური ბლოკადა, ხელოვნური ბარიერები, სასამართლო და ადმინისტრაციული ზეწოლა - ეს ყველაფერი ემსახურება ერთი მიზნის მიღწევას: დადუმდეს კრიტიკული და თავისუფალი მედია რეგიონში.
განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტიც, რომ საჯარო რეესტრმა "თრიალეთის" წესდების ტექსტშიც კი შეცვალა სიტყვა - "გადაწყვეტილება" ჩაანაცვლა სიტყვით "თანხმობა" - და სწორედ ამ გაყალბებული ინტერპრეტაციის საფუძველზე, კიდევ ერთხელ დაბლოკა "თრიალეთის" ხელახალი რეგისტრაცია.
ამჟამად, უსამართლოდ და უკანონოდ დაბლოკილია "თრიალეთის" საბუღალტრო პროგრამასა და საბანკო ანგარიშებზე წვდომა.
"თრიალეთი" უკვე 36 წელია წარმოადგენს რეგიონში დამოუკიდებელ მედიას. მისი დახურვა მნიშვნელოვნად დააზარალებს მედიაპლურალიზმს შიდა ქართლში და კიდევ უფრო შეამცირებს საზოგადოების წვდომას ობიექტურ და დამოუკიდებელ ინფორმაციაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ საქართველოს პარლამენტს:
1. შეისწავლოთ შემოსავლების სამსახურის ქმედებების შესაბამისობა "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონთან. ასევე, ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, მე-6 და მე-7 მუხლებთან, რომლებიც ადგენს თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს.
2. გამოითხოვოთ ინფორმაცია სხვა ტელეკომპანიებთან გაფორმებული საგადასახადო შეთანხმებების შესახებ, რათა შეფასდეს სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო უთანასწორო და შერჩევითი მიდგომა.
3. შესაბამისი შესწავლის საფუძველზე მიმართოთ აღმასრულებელ ხელისუფლებას დისკრიმინაციული პრაქტიკის შეწყვეტისა და თანასწორი მიდგომის უზრუნველყოფის მოთხოვნით;
4. შეისწავლოთ ფინანსთა მინისტრისა და შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადაჭარბებისა და საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის ფაქტები.
5. შეისწავლოთ საჯარო რეესტრის შესაძლო უკანონო მოქმედებები "თრიალეთის" რეგისტრაციის შეჩერების მიზნით, მათ შორის წესდების ტექსტის არასწორი ინტერპრეტაციის საკითხი.
ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კომპანია სრულად იხდის მიმდინარე გადასახადებს და მზად არის, ხელისუფლებასთან დაახლოებული მედია საშუალებების მსგავსად, დაგროვილი დავალიანება ეტაპობრივად, შეთანხმების საფუძველზე დაფაროს.
მზად ვართ, წარმოვადგინოთ თქვენს მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.
პატივისცემით, შპს "ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი"