საქართველოს მთავრობამ "განათლების საერთაშორისო ცენტრის" ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. -
შესაბამის დადგენილებას 21 ოქტომბერს ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
დადგენილების თანახმად, ლიკვიდაციის პროცესი წლის ბოლომდე იგეგმება. ლიკვიდირებული ცენტრის უფლებამონაცვლედ კი განათლების სამინისტრო განისაზღვრება.
"
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების საერთაშორისო ცენტრი (შემდგომში − ცენტრი).
"ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №183 დადგენილება.
ლიკვიდირებული ცენტრის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს სამინისტრო.
ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია გადაეცეს სამინისტროს, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
დაევალოს სამინისტროს:
ცენტრის სალიკვიდაციო ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შექმნას სალიკვიდაციო კომისია, რომელიც 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოფს:
ცენტრის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრულ ინვენტარიზაციასა და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენას;
ცენტრში არსებული დოკუმენტაციის (მასალის) დამუშავებას, სისტემატიზაციასა და დაარქივებას (საჭიროების შემთხვევაში − განადგურებას), კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელებას;
უზრუნველყოს, ამ დადგენილებით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გამოყენება;
განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებისა და გამოცემის/მიღების მიზნით", - ნათქვამია დოკუმენტში."