„ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ.
მარში მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრა. „თავისუფლება მზიას, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!” - სკანდირებენ მოქალაქეები.
აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც უკვე ერთ წელზე მეტია, საპროტესტო აქცია უწყვეტ რეჟიმში იმართება.
ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაკავებიდან დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა. მას 6 აგვისტოს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. კერძოდ, მას მსჯავრი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-იდან 6 წლამდე ვადით.