პოლიტიკა

ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აშშ-ში საქართველოს საელჩოს განცხადებით მიმართეს და მოითხოვეს, არ შეეზღუდოთ ემიგრანტებს საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება
3 საათის წინ

ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აშშ-ში საქართველოს საელჩოს განცხადებით მიმართეს და მოითხოვეს, არ შეეზღუდოთ ემიგრანტებს საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოს განცხადებით მიმართეს, რომლითაც მოითხოვეს არ შეეზღუდოთ ემიგრანტებს საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

ემიგრანტები განცხადებაში „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, გადახედოს ინიციირებულ ცვლილებას, რათა არცერთი ცვლილება არ ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციურ გარანტიებსა და საერთაშორისო ვალდებულებებს.

„ჩვენ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ქართული სათვისტომო და დიასპორული ორგანიზაციები, ერთხმად გამოვხატავთ ჩვენს ღრმა შეშფოთებას საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ინიციირებული იმ ცვლილებების გამო, რომლებიც არსებითად ზღუდავს, პრაქტიკულად კი სრულიად აუქმებს, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებულ ხმის მიცემის უფლებას.

ასეთი ინიციატივა შეცვლის მოქმედი კანონმდებლობით უზრუნველყოფილ უფლებებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევდა მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში, ეროვნული და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად – მათ შორის:

საქართველოს კონსტიტუციას (მუხლი 28) – რომელიც მოქალაქეებს აძლევს საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევანის უფლებას;

საქართველოს საარჩევნო კოდექსს – რომელმაც წლების განმავლობაში განისაზღვრა საზღვარგარეთ მაცხოვრებელი ამომრჩევლების მონაწილეობა საკონსულო უბნების მეშვეობით;

გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტს (ICCPR, მუხლი 25) – რომელიც ავალებს სახელმწიფოებს, უზრუნველყონ ყველა მოქალაქის ხმის უფლება დაუსაბუთებელი შეზღუდვების გარეშე;

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) კოპენჰაგენის დოკუმენტს (1990) – რომელიც ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, შექმნან ინკლუზიური საარჩევნო სისტემები, რაც ყველა მოქალაქის მონაწილეობას უზრუნველყოფს;

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ვალდებულებებს, რომლებიც გარკვევით მოიცავს პოლიტიკური უფლებების, დიასპორის ჩართულობისა და დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას.

ინიციირებული ცვლილება წარმოადგენს აქამდე გარანტირებული მონაწილეობის მექანიზმების შეზღუდვას, რაც მკაფიოდ სცილდება საქართველოს მიერ საერთაშორისოდ აღებული დემოკრატიული ნორმებისა და ადამიანის უფლებების სტანდარტების ვალდებულებებს.

დღეს, ერთი მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს.

ათიათასობით მათგანი სწავლობს, მუშაობს და ცხოვრობს აშშ-ში, საიდანაც ისინი ინარჩუნებენ მჭიდრო ოჯახურ, კულტურულ, ეკონომიკურ და სამოქალაქო კავშირს საქართველოსთან.

მხოლოდ 2024 წელს აშშ-იდან საქართველოში განხორციელებულმა ფულადმა გზავნილებმა 573 მილიონ დოლარს გადააჭარბა, ხოლო 2025 წლისთვის პროგნოზი 700 მილიონ დოლარზე ადის. ქართული კულტურისა და ხელოვნების ცენტრებში და სკოლებში კი ყოველწლიურად ასობით ბავშვი სწავლობს ენას, ცეკვას და სიმღერას – რაც არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ ეროვნულ და იდენტობით კავშირს ადასტურებს.

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის ხმის მიცემა სიმბოლური აქტი არ არის – ეს არის მოქალაქეობის, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და დემოკრატიულ ცხოვრებაში მონაწილეობის განუყოფელი ნაწილი.

დიასპორა საქართველოს საარჩევნო პროცესების ნაწილი წლების განმავლობაში იყო და ხმის მიცემის უფლება სამშობლოსთან კავშირს ამყარებს. ამ უფლების შეზღუდვა ეწინააღმდეგება საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების კონსტიტუციურ პრინციპს, ამცირებს დემოკრატიულ ჩართულობას და აზიანებს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს.

საარჩევნო უფლების შეზღუდვით საქართველო ასევე არღვევს საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებს და ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ინკლუზიურობას, გამჭვირვალობასა და კანონიერებას.

საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების მონაწილეობა არჩევნებში არ არის ხელისუფლების კეთილი ნება – ეს არის სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულება, რომელიც ეფუძნება ყველა მოქალაქის თანასწორ უფლებას.

ამიტომ, ჩვენ გულწრფელად და მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

გადახედოს ინიციირებულ ცვლილებას, რათა არცერთი ცვლილება არ ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციურ გარანტიებსა და საერთაშორისო ვალდებულებებს.

დაიცვას ხმის მიცემის საყოველთაობისა და თანასწორობის უფლება, მათ შორის საზღვარგარეთ მაცხოვრებელი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.

გააძლიეროს და განავითაროს საზღვარგარეთ ხმის მიცემის მექანიზმები. შეზღუდვის ნაცვლად, შეიმუშაოს თანამედროვე, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ადმინისტრაციული პროცედურებით.

საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სამართლიანი და დემოკრატიული პროცესების უზრუნველსაყოფად, დამატებით, მოვუწოდებთ:

გაიზარდოს საგარეო საარჩევნო უბნების რაოდენობა დიასპორის დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით;

გამარტივდეს ადმინისტრაციული პროცედურები საქართველოს გარეთ მყოფი ამომრჩევლების რეგისტრაციისათვის, რათა აღმოიფხვრას ტექნიკური ბარიერები;

უზრუნველყოფილ იქნეს ქვეყნის გარეთ ხმის მიცემის უსაფრთხოება, სანდოობა და ხელმისაწვდომობა.

ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოფილ იქნას, რომ ყველა მოქალაქემ – ქვეყნის შიგნით იქნება ის თუ საზღვარგარეთ, განახორციელოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის მომავლის ფორმირებაში. ხმის უფლება არ არის პროცედურული აქტი ან პრივილეგია; ეს არის კონსტიტუციური უფლება, რომელ საფუძველზეც დგას დემოკრატიული განვითარება.

საქართველოს თითოეულ მოქალაქისა და მომავალი თაობებისთვის ამ უფლების დასაცავად, მტკიცედ ვდგავართ ერთად”,-ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები:

Georgian Heritage Foundation – ქართული მემკვიდრეობის ფონდი

Georgian Center of Creative Communications – Iveria – Las Vegas – ლას ვეგასის ქართული შემოქმედებითი კომუნიკაციების ცენტრი – ივერია

Georgian Cultural and Educational Center of Southern California – სამხრეთ კალიფორნიის ქართული კულტურისა და განათლების ცენტრი

GeoVoice USA – ჯეოვოისი

ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსი – Georgian-American Republican Alliance

Center of the European Experience GCEE (Georgian Center- ქართული ცენტრი)

US-Georgia Friendship Association – ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ასოციაცია

Tvistomi Association – ასოციაცია თვისტომი

Georgian Association in the USA – აშშ-ში ქართული ასოციაცია

რეგიონი

სამართალი

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები