პოლიტიკა

Human Rights Watch - „ქართულმა ოცნებამ“ ფართომასშტაბიანი კანონები მიიღო, რომლებიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების განადგურებასა და კრიტიკულად განწყობილი მედიის გაჩუმებას
26 წუთის წინ

Human Rights Watch - „ქართულმა ოცნებამ“ ფართომასშტაბიანი კანონები მიიღო, რომლებიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების განადგურებასა და კრიტიკულად განწყობილი მედიის გაჩუმებას

საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა 2025 წელს მკვეთრად გაუარესდა, - ამის შესახებ Human Rights Watch-ის „მსოფლიო ანგარიში 2026“- ში არის ნათქვამი, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს აღწერს.

„მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ფართომასშტაბიანი კანონები მიიღო, რომლებიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების განადგურებასა და კრიტიკულად განწყობილი მედიის გაჩუმებას. ასევე, ხელისუფლება მეტიმეტად ერეოდა უმეტესწილად მშვიდობიან საპროტესტო აქციებში. აღნიშნული ზომები ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვის, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების, ასევე, თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, „მარტში მიღებული ახალი კანონმდებლობა „უცხოური აგენტების“ შესახებ მოითხოვს, რომ ორგანიზაციები და ფიზიკური პირები, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსებას იღებენ, სახელმწიფო რეესტრში დარეგისტრირდნენ. ასევე, სხვა რეპრესიული ცვლილებები ყველა უცხოური გრანტისთვის მთავრობის თანხმობას მოითხოვს და მშვიდობიან პროტესტზე, დამოუკიდებელ მედიასა და სიტყვის თავისუფლებაზე დამატებით შეზღუდვებს აწესებს“.

ასევე, ანგარიშში საუბარია 2025 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შესახებ.

„ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი შეზღუდვისა და ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტის ფონზე გაიმართა. არჩევნების დღეს, მთავრობის რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის მიზნით ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრაცია არეულობაში გადაიზარდა, როდესაც ზოგიერთმა დემონსტრანტმა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი სცადა. პოლიციამ 60-ზე მეტი ადამიანი დააკავა ძალადობრივი გადატრიალების წაქეზებისა და კონსტიტუციური წესრიგის შეცვლის მცდელობის ბრალდებით“, - აღნიშნულია ანგარიშში.

Human Rights Watch-ი წერს, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოში „დემოკრატიული უკუსვლა დაგმეს“.

„მათ განაცხადეს, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი „დე ფაქტო შეჩერებულია“ და მოუწოდეს საქართველოს, რომ რეპრესიული კანონები გაიწვიოს“, - წერს ორგანიზაცია.

ანგარიშში საუბარია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების შესახებაც.

„სასამართლომ რვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მათ შორის ოპოზიციური პარტიების ექვს ლიდერს, რამდენიმეთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ისინი დააკავეს მმართველი პარტიის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიისთვის ბოიკოტის გამოცხადებისთვის, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა. ორი მათგანი პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს. ხელისუფლებამ სექტემბერში ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, დააკავა მოქრთამვის ბრალდებით“, - ნათქვამია Human Rights Watch-ის ანგარიშში.

ორგანიზაცია გამოქვეყნებულ ანგარიშში 2025 წელს საქართველოში გამოხატვისა და მედიის თავისუფლების მდგომარეობასაც აღწერს.

„აპრილში პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო, რომლითაც მაუწყებლობისთვის უცხოური დაფინანსება აიკრძალა და კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება გაფართოვდა. ივნისში, მმართველმა პარტიამ კომუნიკაციების კომისიაში საჩივარი შეიტანა ორი ძირითადი ოპოზიციურად განწყობილი არხის, „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წინააღმდეგ, მათ რეპორტაჟებში, მთავრობის ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენების გამო. აგვისტოში სასამართლომ ცნობილ ჟურნალისტს, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საპროტესტო აქციების დროს ადგილობრივი პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო. საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა გამოტანილი განაჩენი დაგმეს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები