პოლიტიკა

გიორგი შარაშიძე - სხვას როგორ ეძახით „ნაცებს“, როცა თავად „ნაცმოძრაობაში“ აღარ არის დარჩენილი იმდენი ყოფილი „ნაცი“, რამდენიც „ოცნებაშია“
9 წუთის წინ

გიორგი შარაშიძე - სხვას როგორ ეძახით „ნაცებს“, როცა თავად „ნაცმოძრაობაში“ აღარ არის დარჩენილი იმდენი ყოფილი „ნაცი“, რამდენიც „ოცნებაშია“

„თქვენ სხვას როგორ ეძახით „ნაცებს“, როცა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღარ არის დარჩენილი იმდენი ყოფილი „ნაცი“, რამდენიც დღევანდელ „ოცნებაშია“ პორტირებული, წახალისებული და დაწინაურებული. შორს რომ არ წავიდეთ, რამდენიმე დღის წინ, 7 ნოემბერს 18 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასტიკად იძალადა ადამიანებზე თბილისის ქუჩებში, ძალის გამოყენებით შეწყვიტა ტელეკომპანია „იმედის“ მაუწყებლობა და ამ ყველაფრიდან 18 წლის თავზე, არც მეტი არც ნაკლები, თბილისის მერად მესამე ვადით გყავთ ადამიანი, რომელიც 7 ნოემბრის ამ საშინელი დარბევის შემდეგ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერად რჩებოდა. განათლების მინისტრად გყავთ ადამიანი, რომელიც ზუსტად 7 ნოემბრის პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე სასტიკი სასჯელაღსრულების სისტემის პირველი პირის მოადგილე და მისი მარჯვენა ხელი იყო, რომელიც თუ იმით აპირებს ციხის ბუნტზე პასუხისმგებლობისგან გაქცევას, რომ თურმე ბუნტის დროს შვებულებაში იყო, ძალიან ცდება! სიას აღარ გავაგრძელებ, ყველას ჩამოთვლას ვერც ჩემი და ვერც ჩემი თანაგუნდელების პოლიტიკური გამოსვლებისთვის გამოყოფილი დრო ვერ ეყოფა იმდენი ყოფილი „ნაცია“ ამ დარბაზშიც და მთავრობაშიც. მაგრამ ყველაზე მთავარი, რის გამოც თქვენ უკვე აღარ განსხვავდებით “ნაცებისგან” არის ის, რომ არა თუ უარი არ თქვით, არამედ შეისისხლხორცეთ და წარმატებით აგრძელებთ “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დანერგილ ძალადობას, უსამართლობას და კორუფციას.

რაც შეეხება 4 ოქტომბერს, თქვენ არ გაწყობთ, ხალხმა გაიგოს სიმართლე 4 ოქტომბერზე. სიმართლე კი არის ის, რომ ეს იყო “ოცნების” და “ნაცების” მიერ მოწყობილი პროვოკაცია. პროვოკაცია, რომელიც არ აღკვეთეთ და ძალაუფლების შენარჩუნების გამო ქვეყანა ასეთ რისკებში შეიყვანეთ. და თუ ეს ასე არ არის, მაშინ აგვიხსენით, რას გულისხმობდა თქვენი პრემიერი, ბატონი კობახიძე იმაში, რომ ვინმე „ანიტას” “ოცნება” უხდიდა ფულს და თქვენი მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირები აწვდიდნენ საიდუმლო ინფორმაციას?! და რა გინდათ ხალხს დააჯეროთ, რომ “ოცნების” მიერ მოსყიდული ანიტა აპირებდა “ოცნების” ხელისუფლების დამხობას “ოცნების” ფულით? ან რატომ არ დაიწყეთ გამოძიება და რატომ არ დაკითხეთ მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც პირდაპირ დაადო ხელი საკუთარ თანაპარტიელებს “ოცნებასთან” ფარულ გარიგებაში და ნიკა გვარამიას 40 მილიონის “ოცნებისგან” აღებაში? ანუ რა გამოდის, “ოცნება” ფულს უხდიდა “ანიტას” “ოცნების” დამხობაში და ნიკა გვარამიას 40 მილიონით აფინანსებდა “ოცნების” წინააღმდეგ და ამის მერე გინდათ დააჯეროთ ხალხს, რომ თქვენ ებრძვით “ნაცებს”? სინამდვილეში, “ნაცებს” თქვენ კი არ ებრძვით, ჩვენ ვებრძვით! თქვენ კი „ნაცებს“ იყენებთ და როცა გჭირდებათ აცოცხლებთ, რადგან დასუსტებული და გამქრალი „ნაცები“ საფრთხობელას როლს სათანადოდ ვეღარ შეგისრულებენ.

ყველაზე მეტად სამწუხარო კი ის არის, რომ ამ უაზრო და ქვეყნისთვის არაფრის მომცემ პოლიტიკურ მანიპულაციებს ეწირება ჩვენი ქვეყნის რეალური ინტერესები, ზიანდება სახელმწიფო, ხალხი კი დაუცველია და მისთვის არავის სცალია“,- განაცხადა შარაშიძემ.

რეგიონი

სამართალი

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები