ისრაელში საქართველოს საელჩოს თითოეული თანამშრომელი უერთდება მძევლების ოჯახის წევრებისა და სრულიად ისრაელის სახელმწიფოს სიხარულს, – ამის შესახებ აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
„მძევლების დაბრუნება სინათლის სხივია და იმედით გვავსებს. გვინდა, მათ ვუსურვოთ, სწრაფად აღიდგინონ ძალები და წარმატებით გააგრძელონ ცხოვრება. სიხარულთან ერთად, არ ნელდება მწუხარება გარდაცვლილების გამო“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
„ჰამასის“ ტყვეობაში სულ 20 ცოცხალი მძევალი იყო დარჩენილი. მძევლები „ჰამასმა“ ორ ეტაპად გაათავისუფლა. პირველ ეტაპზე „ჰამასმა“ ისრაელს შვიდი მძევალი გადასცა და ისინი უკვე ისრაელში იმყოფებიან. გათავისუფლებულ მძევლებს წინასწარი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ რეიმის საველე ჰოსპიტალში, სადაც ისინი ოჯახის წევრებს შეხვდებიან. ამასთან, დარჩენილი 13 მძევალი „ჰამასმა“ „წითელ ჯვარს“ გადასცა და უახლოეს საათებში გათავისუფლდებიან.
პატიმრების გასათავისუფლებლად ემზადება ისრაელის მხარეც, რომელმაც „ჰამასს“უნდა გადასცეს 250 პალესტინელი და 1 700 ღაზელი პატიმარი. მათ შორის 22 არასრულწლოვანია.