92 წლის მოხუცს წვიმის მოსვლის ეშინია


ლანჩხუთის რაიონში მცხოვრები, 92 წლის ლოლა ორაგველიძე, დახმარებას ითხოვს.

სოფელ აცანაში მოხუცი ქალბატონი შეზღუდული შესაძლებლობის შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი სახლი სტიქიამ დააზიანა, თუმცა სახურავის აღდგენაზე ხელისუფლება უარს ეუბნება და მოტივად დაგვიანებულ განცხადებას ასახელებს.

ლოლა ორაგველიძე აცხადებს, რომ სტიქიიდან მეორე დღესვე განცხადების დაწერა და დაზარალებულთა სიაში შეყვანა ითხოვა. გამგეობაში კი დაჰპირდნენ, რომ საკითხს შეისწავლიდნენ.

ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ლოლა ოლაგვერიძეს განცხადების დაწერა დააგვიანდა, რის გამოც, დაზარალებულთა სიაში ვერ მოხვდა. რწმუნებული ამბობს, რომ მოხუცს სახურავის აღდგენაში დაეხმარებიან, თუმცა როდის, ჯერ არ იცის.

მოხუცს ერთი წლის წინ სოციალური დახმარებაც მოუხსნეს. მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო პენსიაა.

სანამ კომისია სოფელ აცანაში მცხოვრები მოხუცისთვის კომპენსაციის გაცემის საკითხს შეისწავლის, 92 წლის მოხუცს ოთახებში ჩამოსულ წვიმასთან გამკლავება ისევ საკუთარი ძალებით მოუწევს.

ავტორი: ლადო მენაბდე

 

 

Related posts