საბავშვო ბაღების მომმარაგებელი კომპანიის დირექტორი პურში დანის პირის აღმოჩენას უარყოფს და ეჭვობს, რომ შესაძლოა მათ წინააღმდეგ დივერსიას ჰქონდეს ადგილი

კომპანია “ნილის” დირექტორი, რომელიც საბავშვო ბაღებს საკვები პროდუქტებით ამარაგებს, აღნიშნავს, რომ შესაძლოა მათ წინააღმდეგ დივერსიას ჰქონდეს ადგილი.

კომპანია “ნილის” დირექტორმა, კახა გიორგაძემ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს თბილისის მე-100 საბავშვო ბაღში, პურში საკანცელარიო დანის პირი აღმოჩნდა. გიორგაძის განმარტებით, გავრცელებული ფოტო მისი კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციას არ შეესაბამება. კახა გიორგაძე ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა კონკურენტ კომპანიებს უკავშირდებოდეს.

„ჩვენ ბაღებს დაჭრილ პურს ვაწვდით. ამ საჭრელ დანებს შორის არის სანტიმეტრნახევარი შუალედი. წარმოუდგენელია, რომ პურთან ერთად დანის პირიც გაეჭრა პურის საჭრელ დანას. გარდა ამისა, ჩვენი სატენდერო მოთხოვნაა, რომ იყოს ოთხკუთხედი პური თანაბარ ნაჭრებად დაჭრილი. რა ფოტოც გავრცელდა, ის ჩვენს მიერ წარმოებულ პურს არ შეესაბამება”, – განაცხადა კახა გიორგაძემ.

კომპანიის დირექტორი ყურადღებას კიდევ ერთ ფაქტზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ მათი სადისტრიბუციო ავტომობილიდან იმ ობიექტების სათავსოების გასაღებები მოიპარეს, სადაც კომპანიას საკვები შექვს. შესაბამისად, კახა გიორგაძე აღნიშნავს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს “დივერსიულ” შემთხვევებს.

“ჩვენ პროდუქცია შეგვაქვს 13 ბაღსა და 14 კვებით ობიექტზე, ჯამში 27 ადგილზე. 25 იანვარს ჩვენს თანამშრომელს ავტომობილი გატეხილი დახვდა და იქიდან მხოლოდ ამ ობიექტების სათავსოების გასაღებების შეკვრა დაიკარგა. ეს არის ფაქტი”, -განაცხადა კახა გიორგაძემ.

წყარო:interpressnews.ge

 

Related posts