ილია მეორე არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე რუსეთის პატრიარქს მიმართავს

გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს წერილობით მიმართავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განუცხადა.

​ჟვანიას თქმით, ამ წერილის გაგზავნას სატელეფონო საუბრები მოჰყვება.

„არჩილ ტატუნაშვილის მშობლების მხრიდან იყო თხოვნა, რომ საპატრიარქო დაეხმაროს ოჯახს ცხედრის ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენებაში.

მისმა უწმინდესობამ აღუთქვა, რომ პირად და საქართველოს ეკლესიის ხელთ არსებულ ყველა რესურს გამოიყენებს, რომ არჩილის ცხედარი დროულად დაბრუნდეს ოჯახში. უკვე მოგვცა პირველი დავალება მისმა უწმინდესობამ, რომ ოფიციალური წერილი გაიგზავნება რუსეთის პატრიარქის სახელზე და ამას მოჰყვება სატელეფონო ზარებიც”,- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა საპატრიარქოში არჩილ ტატუნაშვილის მშობლებსა და ილია მეორეს შორის შეხვედრა.

ოჯახი პატრიარქთან ერთად საღამოს ლოცვასაც დაესწრო.

წყარო: exclusivenews.ge

 

Related posts