ოჯახური დანაშაულის საქმეებს ზედამხედველობას სპეციალიზებული პროკურორები გაუწევენ

პროკურატურის განცხადებით, 2018 წლის პირველი მაისიდან, ოჯახური დანაშაულის საქმეებს ზედამხედველობას სპეციალიზებული პროკურორები გაუწევენ. ინიციატივა მოიცავს ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიებას, საპროცესო ხელმძღვანელობასა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას.

უწყების განმარტებით, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეებზე გამომძიებელთა და პროკურორთა სპეციალიზაციის წესი განისაზღვრა.

“ამ კატეგორიის დანაშაულებზე პროკურატურის ორგანოებში გამოძიებას, საპროცესო ხელმძღვანელობასა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას განახორციელებენ პროკურორები, რომელთაც გავლილი აქვთ სპეციალური სასწავლო კურსი საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, შიდა კანონმდებლობისა და ფსიქოლოგიის კუთხით”.

პროკურატურის განმარტებით, პრევენციული ღონისძიებების შედეგად გაიზარდა როგორც მსხვერპლთა მომართვიანობა, ასევე მოძალადეთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი. უწყებას კონკრეტული რიცხვები არ დაუსახელებია.

წყარო: NEWS.On.ge

 

Related posts