პოლიტიკა

ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. პარტიის განცხადებით, BBC-იმ საქართველოს ხელისუფლების მიმართ მძიმე ბრალდებები გაავრცელა, რომელიც დაინტერესებული პირების მონათხრობზეა აგებული და რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. პარტიის განცხადებით, BBC-იმ საქართველოს ხელისუფლების მიმართ მძიმე ბრალდებები გაავრცელა, რომელიც დაინტერესებული პირების მონათხრობზეა აგებული და რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„დღეს დილით, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც არაერთი აბსურდული, ცრუ ინფორმაციის გარდა არის ბრალდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ თითქოს კანონსაწინააღმდეგო აქციების დროს შს სამინისტრომ მოძალადე მომიტინგეების წინააღმდეგ „ქიმიური ნივთიერება“ გამოიყენა. ცხადია, „დიპ სტეიტის“ პროპაგანდისტულ იარაღად ქცეულ ე.წ. მედიას მძიმე ბრალდების დასამტკიცებლად არანაირი ფაქტი არ აქვს წარმოდგენილი. უფრო მეტიც, ყველა ვარაუდი აგებული აქვს კონკრეტული პირების მოსაზრებებზე, მათ შორისაა, ექიმი ჩახუნაშვილი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა, ხოლო მისი ოჯახის წევრი, მამა, გიორგი ჩახუნაშვილი პირადად მონაწილეობდა 4 ოქტომბრის „ხელისუფლების დამხობის“ პროცესში და ფიზიკურად შეიჭრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ეზოში.

გარდა ამისა, სტატიაში ძირითადად საუბრობენ დაინტერესებული პირები, გიგაური, ბრალდებული ხასაია, ბრალდებული შაიშმელაშვილი, მსჯავრდებული ბაჩიაშვილი და სხვა მსგავსი პირები. „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურს სტატიის გამოქვეყნებამდე აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა „გამომძიებელ ჟურნალისტთან“. აბსოლუტურად ყველა შეკითხვაზე, რომელიც BBC-მ მოგვაწოდა, მოვამზადეთ სრულყოფილი პასუხები და პუნქტობრივად, დეტალურად დავაკმაყოფილეთ ბრიტანული მედიის ინტერესი. გამომდინარე იქედან, რომ ბოლო პერიოდში აღნიშნული მედია არაერთ სკანდალში გაეხვა, არაერთხელ დაუდასტურდა სიცრუის გავრცელება და ამის გამო მაუწყებელზე ტოპ მენეჯმენტიც კი შეიცვალა, ჩვენი პასუხის დასაწყისში დავაყენეთ მხოლოდ ორი პირობა - სრულად გაეშუქებინა ჩვენი პოზიცია, შევთავაზეთ ჩვენ მიერ გაგზავნილი თითოეული სიტყვის მტკიცებულების მიწოდება, პარალელურად კი მოვითხოვეთ, რომ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის დაცვით, ყველა მსჯელობა, რაც სტატიაში იქნებოდა წარმოდგენილი, დაფუძნებული ყოფილიყო მხოლოდ მტკიცებულებებზე.

სანაცვლოდ მივიღეთ სიცრუის კორიანტელი, მძიმე ბრალდებები ხელისუფლების მიმართ, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, დაინტერესებული პირების მონათხრობზეა აგებული და ცხადია, არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ რამდენიმე კვირის წინ BBC სკანდალში გაეხვა, როდესაც ეგრეთ წოდებულმა მედიამ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უხეშად დამონტაჟებული ინტერვიუ გაავრცელა, სადაც შეცვლილი იყო საუბრის კონტექსტი და შინაარსი. ამ მანიპულაციის გამო მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობები დატოვეს, თუმცა ეს უფრო ჰგავდა აშშ-ის პრეზიდენტისთვის კოჭის გაგორებას, ვიდრე შეცდომაზე პასუხისმგებლობის აღებას. BBC-ს რომ ბინძური დაკვეთების შესრულებასა და სიცრუის გავრცელებაზე არანაირი მორალური თუ პროფესიული დაბრკოლება არ აქვს - ეს დღეს გამოქვეყნებული სტატიიდანაც კარგად ჩანს, ხოლო მათი მენეჯმენტის ცვლილება გვაგონებს ბრიტანეთში ბოლო წლებში რამდენიმე პრემიერ-მინისტრის ცვლილებას, რასაც ამ ქვეყანაში არათუ ძირეული, ფასადური ცვლილებაც კი არ მოჰყოლია და შედეგად „დიპ სტეიტის“ მართული ერთი მთავრობა მეორემ ჩაანაცვლა.

იმის გამო, რომ ერთ დროს ავტორიტეტულმა მედიამ, რომელიც დღეს არაფორმალური მმართველობის პროპაგანდის იარაღად არის ქცეული, საჯაროდ გაავრცელა ცრუ ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ ბრალდებების დასამტკიცებლად თუნდაც ერთი მტკიცებულებაც კი არ მოიყვანა სტატიაში, იმის გამო, რომ ტყუილებზე აგებული ეგრეთ წოდებული „ჟურნალისტური გამოძიება“ ძირითადად კრიმინალების მონათხრობზეა აგებული და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, იმის გამო, რომ BBC-მ ყველა კითხვაზე მიიღო ამომწურავი პასუხები და სტატიაში დასაბუთებული პასუხების 1%-იც კი არ გამოაქვეყნა, იმის გამო, რომ ეს ბინძური პროპაგანდისტული მასალა არის მცდელობა, ჩირქი მოსცხონ საქართველოს მთავრობას, ქართულ პოლიციას და რაც მთავარია - საქართველოს სახელმწიფოებრიობას - მივიღეთ გადაწყვეტილება, ცრუ მედიის წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში. გამოვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რომ სიცრუის გამავრცელებელმა ეგრეთ წოდებულმა მედიამ პასუხი აგოს ბინძური, ცრუ ბრალდებების გავრცელების გამო,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები