ჯანდაცვის სამინისტრო – შახტაში დაშავებული ორივე პაციენტი კონტაქტურია, მათ შესაბამისი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდათ

 

 

ტყიბულში, მინდელის შახტაში დაშავებული ორი პაციენტი კონტაქტურია და ისინი მკურნალობას იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში განაგრძობენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ტყიბულში მომხდარი საწარმოო შემთხვევის შედეგად დაშავებულებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე მოინახულებს. 

„ამ დროისთვს იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობას ორი პაციენტი განაგრძობს. ორივე მათგანი კონტაქტურია. მათ უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი გამოკვლევები. ერთს ინტრაკრანიალური ტრავმა აღენიშნება. ხოლო მეორე მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს“, – აცხადებენ სამინისტროში. 

მათივე ინფორმაციით, ტყიბულში, მინდელის შახტაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობა ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია. ვითარების შესასწავლად შრომის ინსპექტორთა ჯგუფი საწარმოო შემთხვევიდან რამდენიმე საათში გაიგზავნა.

მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა სამი მეშახტე. ორ მათგანს გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უტარდება, ხოლო ერთს – ტყიბულის კლინიკაში.

Related posts