„უკან დახევა რთული იქნება, აშშ-მ რუსეთს უნდა დაანახოს რომ თამაშში ჩასაბმელად მზად არის

მსოფლიო სამხედრო კონფლიქტის მოლოდინში – სირიაში ვითარება დღითიდღე იძაბება, აშშ საპასუხო ქმედებებს ამზადებს, კონფლიქტში კი ჩაბმულია ორი გიგანტი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის სახით.


ექსპერტები აცხადებენ, რომ სამხედრო მოქმედებები უახლოეს საათებში დაიწყება. „ნიუპოსტთან” საუბრისას ექსპერტი ნოდარ ხარშილაძე აცხადებს, რომ აშშ-მ ისეთი განცხადებები გააკეთა, რომ უკან დახევა აღარ გამოვა, ამიტომ უნდა ველოდოთ ამერიკის მხრიდან გარკვეულ ქმედებებს:


„პრეზიდენტმა ტრამპმა და ამერიკამ ისეთი განცხადებები გააკეთა, რომ უკან დახევა ძალიან რთული იქნება. დიდი ალბათობით უნდა ველოდოთ ამერიკის მხრიდან რაღაც ქმედებებს და საკითხავია რას მოიმოქმედებს ამერიკა. ერთხელ უკვე სირიაში მან გააკეთა ასეთი ქმედება ტრამპის დროს, როდესაც Tomahawk-ის ტიპის რაკეტები ესროლა სირიას, მაგრამ დიდი სტრატეგიული შედეგი არ მოჰყოლია, უფრო ფსიქოლოგიური გზავნილი იყო, შესაძლოა იგივე გააკეთოს ახლაც, უფრო დიდი მასშტაბით. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ რუსეთი დღეს სარგებლობს იმით, რომ სირიაში არც ამერიკა და არც ევროპა ძლიერად წარმოდგენილი არ არის და მათ რესურსების დახარჯვა სერიოზულად სამხედრო ოპერაციებისთვის არ უნდათ. სანამ ასეთი სიტუაცია არის, რუსეთი მაინც ყველაზე მთავარ მოთამაშედ დარჩება სირიაში, შესაბამისად ამერიკამ უნდა დაანახოს რუსეთს, რომ ის მზად არის თამაშში ჩასართველად, მაგრამ ამას მხოლოდ დაბომბვები არ ეყოფა. ამერიკული წარმომადგენლობა კი სირიაში დღეს არის მინიმალური”, – აღნიშნავს ნოდარ ხარშილაძე „ნიუპოსტთან” საუბრისას.



 

წყარო: newposts.ge

 

Related posts