რაზე შეთანხმდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველო ევროკავშირთან

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების სფეროში მეთერთმეტე ყოველწლიური დიალოგი გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმააციას ავრცელებს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.


ევროკავშირმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და შეშფოთება გამოთქვა ცხინვალში, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით.


შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების სფეროში ზოგადი მდგომარეობის გაუარესებაზე, განსაკუთრებით ეთნიკური დისკრიმინაციის, თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების უფლების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, ასევე, იმ მუდმივი დაბრკოლებების შესახებ, რომლებიც ექმნებათ იძულებით გადაადგილებულ პირებს თავიანთ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლების განხორციელების პროცესში.


ევროკავშირი და საქართველო შეთანხმდა, რომ აუცილებელად უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მოქმედ ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმს, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, დაუბრკოლებლად შევიდნენ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.


მხარეებმა, ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთის ფედერაცია ვალდებულია, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.


ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც სიკეთეს მოუტანს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას და გაამარტივებს ვაჭრობას, განათლებას, გადაადგილებას და ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კონტაქტების დამყარებასა და ნდობის აღდგენას გაყოფილ ჯგუფებს შორის.









 

წყარო: on.ge

 

Related posts