ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა – საქმეს ისე ხლართავენ, როგორც თვითონ უნდათ

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მიიჩნევს, რომ ერთ-ერთ ექსპერტს, კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნაზე ხელი ისე აქვს მოწერილი, რომ მას საერთოდ არც კი გადახედა. როგორც სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან სასამართლოს ბოდიშიც მოუხადა, ვინაიდან დასკვნაში მექანიკური შეცდომა გაეპარა. გარდაცვლილის მამა დარწმუნებულია, რომ ექსპერტს დასკვნა საერთოდ არც წაუკითხავს.


„ექსპერტმა სასამართლოს ბოდიში მოუხადა იმასთან დაკავშირებით, რომ მექანიკური შეცდომა იყო დასკვნაში დაწერილი. ჩამოთვლილი იყო რამდენიმე ჭრილობა, მათ შორის ის 11-ე ჭრილობა, რომელიც ჩემი შვილის სხეულზე იყო მიყენებული. დასკვნის თანახმად, ამ ჭრილობებზე გამორიცხავს ექსპერტი კონკრეტული დანით მოქმედებას. ექსპერტმა აღნიშნა, რომ მეთერთმეტეს ნაცვლად მე-13 უნდა დაეწერა. მექანიკური შეცდომაა, საგანგაშო არაფერი, მაგრამ ექსპერტს, რომელიც დაიკითხა, დარწმუნებული ვარ, არც კი წაუკითხავს ექსპერტის დასკვნა ისე მოაწერა ხელი. დღეს ორი ექსპერტი დაიკითხა, ერთი რომელმაც ჩემი შვილის და ლევან დადუნაშვილის ტანსაცმელი გამოიკვლია და მეორე ექსპერტი, რომელმაც დანებთან დაკავშირებით დადო დასკვნა. ვერც ერთმა კონკრეტულად ვერ დაასახელა საქმეში არსებული დანების ზუსტი გამოყენება, მითუმეტეს, რომელ ჭრილობაზე რომელი დანა იყო გამოყენებული. არც ადასტურებენ და არც გამორიცხავენ. ექსპერტები ამბობენ, რომ შესაძლებელია ამ დანებით იყო მიყენებული ჭრილობები ან მსგავსი პერიფერიების მქონე სხვა იარაღით. ექსპერტმა თავიდან აიცილა პასუხისმგებლობა, რომ დაედგინა თუ რომელ ჭრილობაზე რომელი იარაღი იყო გამოყენებული”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.


გარდაცვლილის მამა კვლავ დარწმუნებულია, რომ გამოძიებაზე ძლიერი ზეწოლა ხორციელდება


„საქმეს ისე ხლართავენ, როგორც თვითონ უნდათ. პროკურატურამ რომ წარმოადგინა 2 ბრალდებული და ამათ უნდა მიესაჯოთო, ეს მოცემულობა მიჰყავთ ბოლომდე”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.


შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.








წყარო: interpressnews.ge

 

Related posts