მეხანძრეებს ბორჯომში, საკირეს ტყეში, ხანძრის ადგილთან მისვლა უჭირთ

ბორჯომის სოფელ საკირეს ტყეში რამდენიმე საათის წინ გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამის მიზეზი მიუვალი ტერიტორიაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, სახანძო სამაშველო სამსახური რეგიონის მასშტაბითაა მობილიზებული, თუმცა, ადგილამდე მანქანები მისვლას ვერ ახერხებენ. ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” წერს.


ცეცხლი ნახევარ ჰექტარზეა გავრცელებული.


„მეხანძრეები გადასატანი წყლის ბალონებით ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას. ცოცხალი ძალა მთელი ღამე იმუშავებს. ცეცხლი უკიდია ხმელ ხეებს და ბალახს”, – აცხადებენ სააგენტოში. ამასთან დასძენენ, რომ კლდის ცვენის საშიშროებაა, რის გამოც ახლოს მდებარე საავტომობილო გზა პატრულს გამაფრთხილებელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული.


ჯერჯერობით უცნობია ჩაერთვება თუ არა ცეცხლის ქრობის პროცესში სამაშველო ვერტმფრენი.


სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე და ბორჯომის მერის ლევან ლიპარტია ამბობენ, რომ ღამით დამატებითი ძალების მობილიზება საჭირო არ არის, რადგან რადგან ცეცხლის ღია კერა თითქმის აღარ ჩანს.


ხანძარი სოფელ საკირეში, დღეს, 30 აპრილს, 19:00 საათისთვის გაჩნდა. ცეცხლი სოფლიდან შვიდი კილომეტრის დაშორებითაა.


შეგახსენებთ, რომ გასული წლის აგვისტოში ბორჯომის ტყეში ძლიერი ხანძარი იყო. ბორჯომის ხეობაში 2017 წლის 20 აგვისტოს ხანძარმა 752 ჰექტარი მოიცვა, საიდანაც 525 ძველი ნახანძრალი ტერიტორიაა.



 

 

 

 

 

წყარო: imedinews.ge

 

Related posts