სააკაშვილი არჩევნებამდე ორი დღით ადრე ჩამოვა თბილისში

სააკაშვილი არჩევნებამდე ორი დღით ადრე თბილისში ჩამოსვლას გეგმავს. ამ სათაურით სტატიას გაზეთი “პრიამტაიმი” დღევანდელ ნომერში აქვეყნებს. გამოცემა წერს – სააკაშვილი ირწმუნება, რომ არჩევნებამდე ორი ან სამი დღით ადრე, საქართველოში ჩამოვა, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს.”ნაციონალები”, როგორც იქნა, ჩამოყალიბდნენ – გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას ოფიციალურად ისინი უკვე ამ კვირაში წარადგენენ. სწორედ ის დაიცავს ყოფილი მმართველი პარტიის ღირსებას საპრეზიდენტო რინგზე. სხვათა შორის, ვაშაძის კანდიდატურამ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გაიჟღერა. თუმცა, მაშინ „პრაიმტაიმთან” საუბარში ვაშაძემ თქვა, რომ მას არ სურს საპრეზიდენტო მარათონში ჩართვა. “ნაციონალები” მოგვიანებით შეეცადნენ, დიდი საერთო ეროვნული მოძრაობა შეექმნათ და საერთო კანდიდატი დაესახელებინათ.

როგორც ჩანს, ისინი ისე არიან პოლიტიკურ კალენდარს აცდენილნი, რომ ვერ გრძნობენ, 90-იანმა წლებმა როგორ ჩაიარა. ახლა ოკუპაციაზე მეტად მოსახლეობა განვითარებაზეა ორიენტირებული. იმიტომ კი არა, რომ ელექტორატს ოკუპაცია აღარ აღელვებს, არამედ იმიტომ, რომ განვითარებაში დევს კონფლიქტების მოგვარების გასაღები და არა ურაპატრიოტულ შეძახილებში, მუდმივ ლანძღვასა და გამომწვევ აქციებში.

საინტერესოა, რომ „ნაციონალური მოძრაობა”, თავისი შემადგენლობით რადიკალური, აგრესიული და რევოლუციურ ცვლილებებზე ორიენტირებულია. თუმცა, უკვე მეორედ (გაყოფის შემდეგ) მან საარჩევნოდ გაწონასწორებული და მშვიდი კანდიდატი წამოაყენა. 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს თბილისის მერად ზაალ უდუმაშვილი დააყენა, ახლა კი საპრეზიდენტო მარათონზე გრიგოლ ვაშაძე გაჰყავს.

როგორც ჩანს, გამოკითხვების მიხედვით მოთხოვნილება რევოლუციაზე კი არა, რეფორმების გატარებაზეა. ამიტომაც ნიკანორ მელია, რომელიც ხმაურითა და პროვოკაციებით არის დაკავებული, ხალხს მხოლოდ საყურებლად და გასართობად მოსწონს და ასეთ მმართველს ქვეყნის საჭესთან არ ისურვებდა. ამიტომაც შეჯერდნენ დალაგებულ გრიგოლ ვაშაძეზე”,- წერს გამოცემა.
გრიგოლ ვაშაძე უკვე მეორედ ადის საარჩევნო რინგზე. “ნაცებმა” პირველად მისი კანდიდატურა ქუთაისის მერის პოსტზე (2017 წელს) წამოაყენეს.

„ქუთაისის განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას ქალაქის ტურისტული პოტენციალის სრულად ამოქმედებაში ვხედავ. როდესაც ქალაქის გარშემო გვაქვს ბუნების სასწაულები – სათაფლია, პრომეთეს მღვიმე, ოკაცეს კანიონი და სხვა მრავალი არქიტექტურული შედევრი, გელათი, მოწამეთა, ბაგრატი, იმერეთის ულამაზესი ბუნება, ოპერა, დრამატული თეატრი – დანაშაულია ამ პოტენციალის არგამოყენება. გამარჯვების შემთხვევაში პირველი ტურისტული ობიექტის შექმნა დაიწყება სამ თვეში, წლის ბოლოს კი 5 ასეთი ობიექტი ექნება ქუთაისს, რაც ასეულობით ახალ, მაღალშემოსავლიან სამუშაო ადგილს გააჩენს. მე დაგეხმარებით ინვესტიციების მოზიდვაშიც, თუმცა მარტო ქალაქის ხელისუფლებას არაფერი შეუძლია, თქვენი ჩართულობის, სურვილისა და შრომის გარეშე. ჩვენ ერთად უნდა მოვინდომოთ და ერთად უნდა დავამარცხოთ სიღარიბე”, – ტურიზმის განვითარება და ინვესტიციების მოზიდვა იყო მაშინ ვაშაძის მთავარი დაპირება.
თუმცა, „ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ ხმების 86,64% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი – 13,36%. ერთი შეხედვით დაბალი მაჩვენებელია, თუმცა, ეს მეორე ტურის შედეგებია. “ნაციონალების” კანდიდატმა მეორე ტურში იბრძოლა.
ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში გაიმართა.

რა თქმა უნდა, ვაშაძის მთავარი მიზანი და ამოცანა მეორე ტურში გადასვლა იქნება და აქ მისი მთავარი მიზანი „ევროპული საქართველოს” კანდიდატზე მეტი პროცენტის აღებაცაა.
მთავარი პოლიტიკური პარტიების კანდიდატები ცნობილნი არიან. “ევროპელები” დავით ბაქრაძეს აყენებენ, “ნაციონალები” – გრიგოლ ვაშაძეს, “გირჩები” – ზურაბ ჯაფარიძეს. მეორე ტურის შემთხვევაში მათ ერთმანეთისთვის მხარდაჭერა არ გაუჭირდებათ. როგორც ჩანს, კანდიდატურის შერჩევის დროს ეს ფაქტორიც იყო გათვალისწინებული. მით უფრო, რომ რამდენიმე დღის წინ “ნაციონალებმა” და “ევროპელებმა” მემორანდუმი გააფორმეს, სადაც პირობა დადეს, რომ მეორე ტურის შემთხვევაში ისინი ერთმანეთის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ.

მანამდე „ნაციონალურმა მოძრაობამ” გამოაცხადა, რომ ისინი მზად იყვნენ, საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიის სხვა კანდიდატურისთვის დაეჭირათ მხარი. მიხეილ სააკაშვილმა ჰოლანდიიდან რამდენჯერმე თავის ვიდეომიმართვაში ისაუბრა წარსულის დავიწყებისა და ერთმანეთისადმი მიყენებული წყენის დავიწყებაზე. ის ამტკიცებდა, რომ მისი პარტია მზად იყო, ერთიანი კანდიდატურისთვის დაეჭირა მხარი.

პირველად მოელოდნენ, რომ ასეთი კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნებოდა, ამიტომაც ნაციონალები მის მიმართ განსაკუთრებულ სიმპათიებს ავლენდნენ. თუმცა, როცა გაირკვა, რომ მარგველაშვილი ვერაფერში ვერ გაერკვა და ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, იყაროს თუ არა კენჭი, მაშინ შალვა ნათელაშვილზე გადაერთვნენ. თუმცა, ყველაზე სერიოზული მოლაპარაკება გიორგი ვაშაძესთან მიდიოდა. ის ამბიციური, ენერგიული და საინტერესო ფიგურაა. თუმცა, პოლიტიკაში ფეხი ჯერჯერობით ვერ მოიკიდა. ამჯერადაც „აბოიმიდან” ამოვარდა. ნაციონალები მის პირობას არ დასთანხმდნენ. არა, გიორგი მზად იყო, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ყოფილიყო, მაგრამ ერთი პირობით, კენჭს ის იყრიდა არა ნაციონალების საარჩევნო ნომრით 5, არამედ თავისი პარტიის სახელით. ეს კი უკვე სააკაშვილისთვის აღმოჩნდა მიუღებელი. ჰოდა, ყველაფერი სწორედ მაშინ ჩაიშალა.

ამ გადაწყვეტილებით “ნაციონალების” სატელიტი პარტიები უკმაყოფილოები არიან, მაინც იყო მოლოდინი, რომ ყოფილი მმართველი პარტია რინგზე სხვა პარტიის წარმომადგენელს აიყვანდა და მხარდაჭერის გარანტიებს მისცემდა. ისე გამოჩნდებოდა, თითქოს პროცესის წამყვანი ნაციონალები კი არა, ოპოზიციაა.
უცნაურია, რომ ასეთი თამაშები მაინც განიხილება. ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს ნაციონალური პარტიები არიან და დამოუკიდებლად ერთ ფრაზასაც არ ამბობენ. ნაციონალების თოჯინა პარტიებს ისევ ურნასთან მისვლა და „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის შემოხაზვა მოუწევთ.

რაც შეეხება სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას, ის ირწმუნება, რომ ამჯერად ეს სასწაული აუცილებლად მოხდება. მართალია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს აცხადებდა, დავბრუნდებიო და არ დაბრუნდა; მართალია, 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროსაც ამტკიცებდა, ახლა აუცილებლად ჩამოვალო, მაგრამ თბილისისკენ მომავალი ბილეთი არ უყიდია. ახლა დარწმუნებით ამბობს, რომ სიტყვას არ გადავა და დაბრუნდება.

მოელიან, რომ ის ევროპარლამენტარებთან ერთად ჩამოვა, რათა აეროპორტში და შემდეგ დღეებში დაპატიმრება თავიდან აიცილოს, თუმცა ოპოზიციას ეჭვი ეპარება, ასეთი ტრიუკის ჩატარება მას კიევშიც სურდა, მაგრამ უშედეგოდ.

წყარო: tvm.ge

Related posts