ზურაბიშვილი მმართველი გუნდის წარმომადგენელია, საპრეზიდენტო კანდიდატი ფორმალურად იქნება

“ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია იმ ინფორმაციის ეხმაურება, რომლის მიხედვითაც “ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ დააყენოს და სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი.

ბოკერიას განცხადებით, ზურაბიშვილის უპარტიობას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” მხარდამჭერი და მმართველი გუნდის წარმომადგენელია.

“სალომე ზურაბიშვილი არის მმართველი გუნდის წარმომადგენელი. ეს იცის ყველამ და მან პირველ რიგში. ამიტომ ჩვენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის საკვანძოა, გვქონდეს მაღალი გამოცხადება არჩევნებზე. ამ ქვეყნის მოქალაქეთა დიდი ნაწილი ძალიან უარყოფითად აფასებს ივანიშვილის გუნდის მოღვაწეობას და თუ ეს ხალხი მივალთ არჩევნებზე, გარდაუვალია ჯერ მეორე ტური და შემდეგ ხელისუფლების მარცხი, ვინც არ უნდა დაასახელოს კანდიდატად. ივანიშვილი არის “ქართული ოცნების” ლიდერი, ხოლო საპრეზიდენტო კანდიდატი ფორმალურად იქნება ფრაქციის წევრი თუ ვიღაც უფრო პირდაპირ აფილირებული “ოცნებასთან”, არაფერს ცვლის”,- განაცხადა ბოკერიამ.

 

 

წყარო: pirveliradio.ge

Related posts