ვანო მერაბიშვილი “ავერსის” კლინიკაში გადაიყვანეს – ოჯახისა და ადვოკატებისთვის უცნობია, რა გამოკვლევები ჩაუტარდა ყოფილ პრემიერს

ყოფილი პრემიერი, ვანო მერაბიშვილი, ე.წ. მატროსოვის ციხიდან დილის 07:00 საათზე „ავერსის“ კლინიკაში გადაიყვანეს.

უცნობია, რა გახდა მერაბიშვილის საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი. მას სამედიცინო გამოკვლევები 4 საათის განმავლობაში უტარდებოდა. ექიმს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.

ადვოკატები და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მსჯავრდებული, ყოფილი პრემიერი, საავადმყოფოში მათთან შეუთანხმებლად გადაიყვანეს. მათ მერაბიშვილის ადგილსამყოფელის შესახებ რამდენიმე საათის დაგვიანების შემდეგ შეიტყვეს.

ადვოკატი ამბობს, რომ გაუგებარია, რატომ დასჭირდა ვანო მერაბიშვილის მედიკოსების დახმარება, რადგან გუშინ სასჯელაღსრულების უწყებაში განაცხადეს, რომ ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო და მას სამედიცინო ჩარევა აღარ სჭირდებოდა.

ვანო მერაბიშვილს „ავერსის“ კლინიკა უკვე დაატოვებინეს, ის საავადმყოფოდან ბადრაგმა ისევ საპატიმროში გაიყვანა.

ყოფილ პრემიერს ჰორნერის სინდრომი აქვს. ადვოკატები აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვანო მერბაიშვილის ციხიდან საავდმყოფოში უკვე მესამედ გადაიყვანეს.

წყარო: rustavi2.ge

Related posts