კვირას გახდება ქალბატონი პრეზიდენტი, ჩვენთვის კი დარჩება დედა – ზურაბიშვილის შვილი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრას მართავს. შეხვედრას, რომელიც სპორტის სასახლეში მიმდინარეობს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, მთავრობის წევრები და პარლამენტარები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებიან.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა სალომე ზურაბიშვილის შვილმა თეიმურაზ გორჯესტანმა. შეხვედრას ესწრებოდა ქეთევანიც.

აღსანიშნავია, რომ დედაზე ლაპარაკისას თეიმურაზმა ცრემლი ვერ შეიკავა. მან თავის ოჯახს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ქართულ ენაზე ლაპარაკობს.

“ქეთევანი და მე ჩამოვედით პარიზიდან და ლონდონიდან, რადგან განსაკუთრებული მომენტია. სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ქალბატონოთი მიმართავთ და კვირას გახდება ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენთვის დარჩება დედად.

ჩვენი მშობლების გადაწყვეტილება იყო, რომ ჩვენი პირველი ენა ყოფილიყო ქართული. მადლობა ჩემს ოჯახს, რომ ჩვენ დღეს თარჯიმანი არ გვჭირდება. რაც მიმნდინარეობდა ამ კამპანიაში დედის, ქალის, გარდაცვლილი ბებიის მიმართ, არ არის ქართული და არ არის მისაღები. მე შეიძლება შეცდომებს ვუშვებ საუბრისას, მაგრამ მე ქართველობას არ ვუღალატებ. ჩვენი ოჯახისთვის საქართველოს დაცვა იყო მოვალეობა. ბაბუაჩემმა მოქალაქეობა თქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე, რათა დარჩენილიყო ქართველი. დაიბადა ქართველი და გარდაიცვალა ქართველი ლტოლვილი.

როდესაც პოლიტიკაში დარჩენა გადაწყვიტა, 2006 წელს იპოდრომზე, ოჯახმა შევეხვეწეთ, რადგან მისი ფიზიკური უსაფრთხოების გვეშინოდა. საქართველოში პოლიტიკა იყო საშიში. მაგრამ, ასე არ მოიქცა, რადგან პარიზში წამოსვლა იქნებოდა სამშობლოს მიტოვება. ეს სიტყვები დღემდე მახსოვს. დღეს გვინდოდა მოსახლეობისთვის გვეცნობებინა დედაჩემის გამბედაობა.

სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა უნდა იყოს ხიდი, რომ მიუახლოვდეს 21-ე საუკუნის ევროპას – თბილისიდან პარიზამდე, თბილისიდან ბრიუსელამდე. ვოცნებობთ, რომ ევროპული და დასავლური ღირებულებები განვითარდეს საქართველოში! კვირა დღეს ექნება მოსახლეობას შესაძლებლობა შეასრულოს 1921 წელს დაწყებული საქმე. ჩვენთვის მოვიდა დრო, დაგითმოთ ძვირფასი დედა – დაგიცავთ ყველას, დაიცავს საქართველოს. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს დედიკოს”, – განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.

სალომე ზურაბიშვილის შვილები – ქეთევან და თეიმურაზ გორჯესტანები საფრანგეთიდან თბილისში წინასაარჩევნოდ ჩამოვიდნენ.

წყარო: resonancedaily.com

Related posts