მარტო არ დამტოვოთ — სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებს მიმართავს

პარტია ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებამდე 3 დღით ადრე სპორტის სასახლეში საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

ზურაბიშვილის კამპანიის შეჯამებას ქართული ოცნების წევრები ესწრებოდნენ, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც, რომელმაც სპორტის სასახლეში მისულ ხალხს სიტყვით არ მიმართა. თუმცა მოგვიანებით, ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ზურაბიშვილი არჩევნების პირველივე ტურში უპირობოდ გაიმარჯვებს და მეორე ტურის ალბათობა საკმაოდ დაბალია.

სალომე ზურაბიშვილმა შეჯამების დროს სიტყვით გამოსვლისას ამომრჩეველს უთხრა, რომ ქვეყნის განვითარების პროცესში მარტო არ დატოვონ. ზურაბიშვილის თქმით, იმედი აქვს, რომ მის დროს საქართველო ნატოსა და ევროკავშირში შევა, თუმცა ამბობს, რომ ამაში ხალხის დახმარება დასჭირდება:

“ერთ-ერთი ბალტიური ქვეყნის პრეზიდენტი, ასევე, პირველი ქალი პრეზიდენტი დაბრუნდა ემიგრაციიდან და როცა აირჩიეს, ენა დაუწუნეს. მერე შეიყვანა თავისი ქვეყანა ევროკავშირში, ნატოში… იმედი მაქვს, მე, ყოველ შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებ, თქვენთან ერთად, ოღონდ — მარტო არ დამტოვოთ.”

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ეს ბოლო არჩევნებია, რომლის დროსაც პრეზიდენტის ამომრჩეველი ხალხი იქნება. 2020 წლიდან პრეზიდენტს 300 ხმოსანი აირჩევს.

wyaro: on.ge

Related posts