„ოცნებას“ სოციალურად დაუცველი ბავშვები მხოლოდ არჩევნების მეორე ტურის წინ გაახსენდა – „50 ლარამდე ავწევთ სოციალურ მხარდაჭერას”

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას.
“50 ლარამდე ავწევთ ამ სოციალურ მხარდაჭერას”- თქვა პრემიერმა და აღნიშნა,რომ ინიციატივა შეეხება 140 000-მდე სოციალურად დაუცველ ბავშვს. მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება ასახული.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი პრიორიტეტი მუდამ იყო ადამიანი, როგორც მთავარი ფასეულობა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით. მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. აქ, პირველ რიგში, საყოველთაო ჯანდაცვის და დაზღვევის სისტემა მინდა გამოვყო, მაგრამ რაც შეეხება ჩვენი სოციალური დაცვის პოლიტიკას, ამ ნაწილში ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გვექნებოდა მნიშვნელოვანი ცვლილებები.

დღეს საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ბავშვი, რომელსაც სახელმწიფოსგან განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა სჭირდება. ჩვენ მთლიანად ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რომ ბავშვთა სოციალური დაცვის თვალსაზრისით დღემდე არსებული სისტემა არის შესაცვლელი და იუნისეფის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ ახალი სისტემა. შესაბამისად, ის იქნება ასახული უკვე მომავალი წლის ბიუჯეტში. სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას. 50 ლარამდე ავწევთ ამ სოციალურ მხარდაჭერას, შესაბამისად აღნიშნული ინიციატივა შეეხება ჩვენს 140 ათასამდე ბავშვს. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბავშვები ყველაზე მეტად იყვნენ დაცული ჩვენს საზოგადოებაში, მათ ჰქონდეთ განვითარების თანაბარი პირობები და ღირსეული პირობები. აღნიშნული ინიციატივა შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. დარწმუნებული ვარ ჩვენი კოლეგები პარლამენტში ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

newposts.ge

Related posts