„კიბეები სისხლით იყო მოსვრილი…“ – ვაჟაზე, სავარაუდოდ, მდგმურმა სახლის მეპატრონე ქალი მოკლა

წუხელ თბილისში სასტიკი მკვლელობა მოხდა.  45 წლის ქალს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით  მკვლელობის საქმეზე  ერთი პირი დააკავეს.

შემთხვევა ვაჟა-ფშაველას #13-ში, გარდაცვლილის კუთვნილ  სახლში მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ 25 წლის მამაკაცმა სახლის მეპატრონე 45 წლის ქალი, სავარაუდოდ, დანით სასიკვდილოდ დაჭრა. მათი ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი გირაოთი გარდაცვლილის სახლში დედასთან ერთად ცხოვრდობდა.

მეზობლებს ვერსიებზე საუბარი უჭირთ, რადგან, როგორც აცხადებენ, ბინის მესაკუთრე ქალბატონსა და სავარაუდო დამნაშავეს  არ იცნობდნენ. მათი თქმით, ღამის ორი საათისთვის ბრახუნის და ყვირილის ხმა გაიგონეს. სავარაუდოდ, მათ შორის ჯერ კონფლიქტი მოხდა, რასაც ქალის დაჭრა მოჰყვა.

მეზობლებისთვის უცნობია რა გახდა მკვლელობის მოტივი და რა იყო სახლის მეპატრონესა და იქ მცხოვრებ დედა-შვილს  შორის კონფლიქტის მიზეზი. მათი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ამ სახლში საცხოვრებლად ერთი კვირის წინ გადმოვიდა და ამ ხნის განმავლობაში მისთვის საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ.

„ორის ნახევარზე რაღაც განსაკუთრებულმა ბრახუნის ხმამ გამაღვიძა. თითქოს ვიღაც ჩაქუჩით კარს ურტყამდა. გამოვიხედე და დავინახე, რომ პირველ სართულზე ლიფტი იყო განათებული და გაჩერებული. ჩავედი დაბლა და დავინახე ხალხი იყო მისეული, დაბლა დაჭრილი ქალი იწვა.

„სასწრაფოც ოპერატიულად მოვიდა, მაგრამ ჭრილობები ისეთი მძიმე ჰქონდა, რომ ადგილზევე გარდაიცვალა.

„წარმოდგენა არ გვაქვს რა მოხდა. კიბეები სისხლით იყო მოსვრილი. ალბათ კიბეებზე ჩამოსვლა თავად შეძლო… არავინ არაფერი იცის. 

„მაგ სახლში ეს ბიჭი, რომელსაც მკვლელობა  ბრალდება, ერთი კვირაა შუახნის ქალთან ერთად ცხოვრობს, მდგმურები არიან. ამ ხნის განმავლობაში სახლიდან არც ხმაური და არც ჩხუბის ხმა არ გამიგონია“, – აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც  განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 25 წლის მამაკაცი გუშინვე დააკავა.

resonancedaily.com

Related posts