სააკაშვილი უკრაინულ არხზე წაიყვანს გადაცემას “ჯოკრები. გზა პრეზიდენტობისკენ”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ ტელეარხ ZIK-ზე წაიყვანს ტელეგადაცემას, სახელად “ჯოკრები. გზა პრეზიდენტობისკენ (“Джокери. Шлях у президенти”).

ამის შესახებ თავად ZIK-ის ვებგვერდი იუწყება. გადაცემა 7 დეკემბრიდან ყოველ პარასკევს, კიევის დროით 18:30 საათზე გავა ეთერში.

გადაცემაში სააკაშვილი, სავარაუდოდ, ისაუბრებს 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატების შესახებ. საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 2019 წლის 31 მარტსაა ჩანიშნული. პრეზიდენტს 5-წლიანი ვადით ირჩევენ.

გადაცემა, რომელიც ტელეარც ZIK-ისა და ინტერნეტგამოცემა Украинская правда-ს პროქტია, 2017 წლიდან გადის, რომელიც აქამდე უკრაინელ ჟურნალისტ სევგილ მუსაევას მიჰყავდა.

არხის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ოლგა მოვჩანმა, განაცხადა, რომ პროექტის გაგრძელებას მუსაევასთან ერთად გეგმავდნენ, თუმცა იგი აშშ-ში გაემგზავრა სასწავლებლად, რის გამოც “გამორჩეული პიროვნების” ძებნა დაიწყეს.

“სააკაშვილი — [არის] პრეზიდენტი, რომელმაც ფსკერიდან ამოიყვანა საკუთარი ქვეყანა და კარგად იცნობს უკრაინის პოლიტიკის კულისებს. ცხადია, ის არ არის უბრალო წამყვანი. მისი კომენტარები ჩვენს პროექტში – ეს არის მისი ხედვა და დამოკიდებულება სიტუაციებისა და ადამიანების მიმართ. ის არ არის ადამიანი, რომელიც ობიექტური ჟურნალისტიკის ტექსტს წაიკითხავს”, – განაცხადა მოვჩანმა.

ვრცლად იხილეთ: netgazeti.ge

Related posts