პოლიტიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - ბიუჯეტის პროექტით, პრემიერ-მინისტრს პენსიონერებზე 43-ჯერ მეტი ანაზღაურება ექნება, 2026 წლიდან 6 უწყება უქმდება, სადაც 456 ადამიანი მუშაობდა, საგარეო უწყებაში დასაქმებულთა რაოდენობა კი 79-ით მცირდება
45 წამის წინ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - ბიუჯეტის პროექტით, პრემიერ-მინისტრს პენსიონერებზე 43-ჯერ მეტი ანაზღაურება ექნება, 2026 წლიდან 6 უწყება უქმდება, სადაც 456 ადამიანი მუშაობდა, საგარეო უწყებაში დასაქმებულთა რაოდენობა კი 79-ით მცირდება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო კანონპროექტის ანალიზს აქვეყნებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პენსიონერებზე 43-ჯერ მეტი ანაზღაურება ექნება.

„პრემიერ მინისტრის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 14,600 ლარიდან 16,000 ლარამდე იზრდება. მინისტრის ხელფასი 12,410 ლარიდან 13,600 ლარამდე იზრდება, პარლამენტის წევრის 11,680 ლარიდან 12,800 ლარამდე. საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა 166-ით იზრდება. ყველაზე მეტად დასაქმებულთა რაოდენობა პროკურატურაში, აუდიტის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროში იზრდება;

საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობა 79-ით მცირდება. შემცირება უმეტესწილად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის თაობაზე მომუშავე ადამიანებს შეეხოთ; 2026 წელს მისაღები უცხოური გრანტების მოცულობა 85 მლნ ლარია, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 2-ჯერ ნაკლებია, მაგრამ 2025 წლისაზე 27 მლნ ლარით მეტია. ევროკავშირის მიმდინარე გრანტები 2025 წლის მსგავსად განულებულია; კაპიტალურ პროექტებზე 6.1 მლრდ ლარია გამოყოფილი, რაც 565 მლნ ლარით ნაკლებია 2025 წლის მაჩვენებელზე. ყველაზე მეტად ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსება მცირდება. ყველაზე მეტად - 849 მლნ ლარით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება და 9.7 მლრდ ლარს აღწევს; თავდაცვაზე და უსაფრთხოებაზე მომუშავე უწყებების დაფინანსება 486 მლნ ლარით იზრდება; 2026 წლის ბიუჯეტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაზე 53 მლნ ლარია გამოყოფილი. ბიუჯეტის პროექტის პირველ ვერსიაში ეს თანხა 153 მლნ ლარი იყო და ბოლო ვერსიაში 100 მლნ ლარით შემცირდა; 2026 წელს მთავრობა 5.1 მლრდ ლარის ვალს აიღებს. აქედან, 3.3 მლრდ ლარი საგარეო ვალია, საიდანაც 1.4 მლრდ ლარი ევროობლიგაციების რეფინანსირებას მოხმარდება. 2026 წლის ბოლოს მთავრობის ვალი 38.2 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 33.5% იქნება.

მთავრობა 2026 წელს 1.6 მლრდ ლარით მეტს ისესხებს, ვიდრე 2025 წელს. ასეთი მაღალი ზრდის მიზეზი 2021 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების რეფინანსირებაა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და მთავრობებისგან 2026 წელს მისაღები გრანტების მოცულობა 85 მლნ ლარია, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 2-ჯერ ნაკლებია, თუმცა 2025 წლის მაჩვენებელზე 27 მლნ ლარით მეტია. 2025-2026 წლებში ძირითადად ენერგეტიკული პროექტები ფინანსდება უცხოური გრანტებით. უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან 2026 წლის ბიუჯეტში მხოლოდ გერმანიის მთავრობის გრანტია ასახული - 30 მლნ ლარი.

2026 წლიდან 6 უწყება უქმდება, სადაც 2025 წელს ჯამში 456 ადამიანი მუშაობდა. ესენია: ანტიკორუფციული ბიურო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი, საჯარო სამსახურის ბიურო, ბიზნესომბუდსმენის აპარატი და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია. გარდა ამისა, 79-ით მცირდება დასაქმება საგარეო საქმეთა სამინისტროში. 61-ით მცირდება განათლების სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები