ბასიანსა და გალერიში სპეცოპერაციის დღეს დაკავებულ 2 პირს 7 და 8 წლით პატიმრობა მიესაჯათ

2018 წლის 12 მაისს ღამის კლუბ ბასიანსა და გალერიში ჩატარებული სპეცოპერაციის დღეს დაკავებულ 2 პირს 7 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პროკურატურის განცხადებით, სასამართლომ დაადგინა, რომ დაკავებულებმა უკანონოდ გაასაღეს ნარკოტიკული საშუალება MDMA კლუბებში ბასიანსა და მტკვარზე.

უწყების მტკიცებით, ერთ-ერთმა დაკავებულმა ნარკოტიკული საშუალება MDMA-ის შემცველი ტაბლეტები კლუბ ბასიანის შესასვლელთან 2018 წლის 28 აპრილს გაასაღა. მეორემ კი ამავე წლის 5 მაისს იგივე ნარკოტიკული საშუალება კლუბში მტკვარზე გაყიდა. მათივე თქმით, ორივე ბრალდებული სამართლამდაცავებმა 12 მაისს დაკავეს. სწორედ ამ დღეს შევიდა სპეცრაზმი კლუბებში ბასიანსა და გალერიში, თუმცა ნარკოდანაშაულში ბრალდებულები კლუბების გარეთ დააკავეს.

მათი განცხადებით, პირველ ბრალდებულს სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მეორეს კი იდენტური ბრალისთვის 8 წლით თავისუფლება აღკვეთა მიესაჯა.

სპეცოპერაცია ბასიანსა და გალერიში

12 მაისს, დაახლოებით ღამის 12 საათზე თბილისის ორ ღამის კლუბში, ბასიანსა და გალერიში სპეცოპერაცია ერთდროულად დაიწყო. კლუბები დაატოვებინეს ყველა სტუმარს ისე, რომ პირადი ნივთების გამოტანის საშუალებაც არ მისცეს. სამართალდამცავები, რომლებიც სპეცოპერაციაში იყვნენ ჩართულები აგრესიით გამოირჩეოდნენ მოქალაქეებს არ უხსნიდნენ რა მიზეზით დაატოვებინეს კლუბები და არ აძლევდნენ იქ შესვლის საშუალებას.

სპეცოპერაციის დაწყებიდან სამი საათის შემდეგ შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით რვა პირი დააკავეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ბასიანსა და გალერიში სპეცოპერაცია 3-თვიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ ჩაატარა.

ამ განცხადებით რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირები კლუბებში აიყვანეს. თუმცა, მოგვიანებით, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული არცერთი პირი კლუბებში არ დაუკავებიათ. სპეცოპერაციიდან 48 საათის განმავლობაში აქციები იმართებოდა თბილისში.

წყარო: on.ge

Related posts