შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

„იმედის კლინიკაში“ 2 მცირეწლოვანს ქირურგიული ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა – რეგულირების სააგენტო

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს განცხადებით, “იმედის კლინიკაში” ორ მცირეწლოვან პაციენტს ქირურგიული ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა.

სააგენტო ამბობს, რომ 13 სექტემბრიდან დაწესებულებას შეჩერებული ჰქონდა  ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების მიწოდების ნებართვა, მიუხედავად ამისა, კლინიკაში 2 ოქტომბერს ოპერაციები ჩატარდა. უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო დაწესებულება 20 000 ლარით დაჯარიმდა

“შპს “იმედის კლინიკას“ ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების მიწოდების ნებართვა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დაწესებულებაში არსებული დარღვევა-ნაკლოვანების გამო 13 სექტემბერს შეუჩერა. მიუხედავად ამისა, კლინიკაში 2 ოქტომბერს გეგმური ქირურგიული ოპერაციები ჩატარდა, რაც უკანონო სამედიცინო საქმიანობას წარმოადგენს”, – წერია განცხადებაში.
უწყების ცნობით, სექტემბრიდან, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ძალაში შევიდა რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურებების სანებართვო პირობები – სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს აღნიშნული განყოფილებების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის და ა.შ. მიმართულებით.