სააკაშვილი თავის მმართველობაზე: ეს იყო ყველაზე საამაყო 9 წელი

ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი პარლამენტში დღევანდელ დებატებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ის უკადრისობს, რომ კანონმდებლებმა მისი მმართველობის წლები უარყოფით კონტექსტში არაერთხელ მოიხსენიეს და აცხადებს, რომ ეს საამაყო 9 წელი იყო.

„ეს რა სამარცხვინო მარიონეტების თეატრია პარლამენტში…დღეს ასე ასჯერ ახსენეს ჩემი სახელი სასამართლოსთან მიმართებაში და თითქმის არ ახსენეს ამ თოჯინების თეატრის დირექტორის სახელი.

რა კობახიძე, რა მურუსიძე, მდინარაძე და სხვა ბურატინოები, რა მალვინა ბესელია, კარაბას-ბარაბასია მოსაშორებელი. და თუ რომელიმე ჩემი თანამებრძოლი კომპლექსდება “9 წლით” მინდა მეათასედ გავიმეორო – ის იყო ყველაზე საამაყო 9 წელი საქართველოს უახლოეს ისტორიაში!

ის, ვინც მშვიდად უყურებს აღმშენებლობის 9 წლის ნგრევის და უბედურების წლებად გამოცხადებას, იმას მე პირადად, ჩემს თანამებრძოლად ვერ ჩავთვლი“, – წერს სააკაშვილი.

დღეს პარლამენტში 9 დეპუტატის კანონპროექტი განიხილეს, რომლის საფუძველზეც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა 2025 წლამდე უნდა შეჩერებულიყო. ავტორების მთავარი არგუმენტი სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს მოსამართლეების მორჩილება გახლდათ.

კანონპროექტი კენჭისყრაზე ჩავარდა. მისმა ერთ-ერთმა ავტორმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ამის გამო უმრავლესობა დატოვა, ეკა ბესელია კი თავის გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.

imedinews.ge

Related posts