პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი - საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მტკიცედ ერთგული რჩება, თავად ევროკავშირმა და ევროკომისიამ შეწყვიტეს დიალოგი
28 წუთის წინ

ეკა სეფაშვილი - საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მტკიცედ ერთგული რჩება, თავად ევროკავშირმა და ევროკომისიამ შეწყვიტეს დიალოგი

„ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი სარაევოში, დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების კონფერენციაზე (COSAP) სიტყვით გამოვიდა.

როგორც ეკა სეფაშვილმა განაცხადა, საქართველო მტკიცედ ერთგული რჩება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა და ქვეყანამ ასოცირების შეთანხმების 70%-ზე მეტი შეასრულა.

ეკა სეფაშვილის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, თითქოს საქართველომ შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ამ მიმართულებით რეფორმები ყოველდღიურად ხორციელდება.

„პირველ რიგში, მოგესალმებით, პატივცემულო მონაწილეებო, და მადლობას ვუხდი მასპინძელ ქვეყანასა და მასპინძელ პარლამენტს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის, რომელიც ძალიან სასარგებლოა არა მხოლოდ ინტეგრაციისა და დიალოგისთვის, არამედ ევროკავშირის გაფართოების პროცესისთვის, რაც რეგიონის უსაფრთხოებისა და სიძლიერის განმტკიცებისათვის აუცილებელია.

ამ მხრივ საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო მსოფლიოს ის ნაწილია, სადაც გლობალური ძალები ცდილობენ არასტაბილურობის გაზრდას, ხოლო არასტაბილურობა საქართველოში საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოსა და კავკასიის რეგიონს, არამედ მთელი ევროპის ფართო რეგიონს და განსაკუთრებით კი შავი ზღვის რეგიონს, რომელიც ევროკავშირის უახლოესი მეზობელია.

როგორც იცით, ამ წლის ბოლოს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში გაფართოების შესახებ, რომელიც აფასებს ქვეყნების პროგრესს ევროპული ინტეგრაციის კუთხით და ეს ანგარიში, რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს მიმართ არ იყო სიმართლეზე დაფუძნებული და არ ასახავდა ქვეყანაში არსებულ რეალობას.

მინდა, რამდენიმე მომენტს გავუსვა ხაზი. პირველ რიგში, გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო მტკიცედ ერთგული რჩება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა. ჩვენ ასოცირების შეთანხმების დაახლოებით 70%-ზე მეტი შევასრულეთ. აღსანიშნავია, რომ ასოცირების შეთანხმება არა მხოლოდ ჩვენი ვალდებულებაა, არამედ ეს არის ევროკავშირის მხარის ვალდებულებაც. მანაც უნდა შეასრულოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები. შემიძლია ვთქვა, რომ ამ მხრივ ევროკავშირი, ფაქტობრივად, არ ასრულებს თავის ვალდებულებებს – ვგულისხმობ დიალოგის პროცესს, რომელიც ევროკავშირის კომისიის მხრიდან შეჩერდა.

ევროკომისიის მხრიდან იყო ხმამაღალი განაცხადები, რომ საქართველომ შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ეს პროცესი არ არის შეჩერებული. ჩვენ ყოველდღიურად ვახორციელებთ რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს ევროპის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციას, ჩვენი საკანონმდებლო სისტემის ჰარმონიზაციას და ევროპულთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას. ამ სამუშაოს ყოველდღიურად ასრულებენ ჩვენი საჯარო მოხელეები, ჩვენი სხვადასხვა ორგანო. ჩვენი საშინაო დღის წესრიგი ისეა განსაზღვრული და ჩამოყალიბებული, რომ პირდაპირ ეთანხმება და პასუხობს  ევროინტეგრაციის პროცესს.

2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ერთადერთი, რაც მოხდა, იყო ის, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ვერ გამოეყენებინათ ევრობიუროკრატებს, როგორც ინსტრუმენტი ქართული საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის მიმართ პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად და განვაცხადეთ, რომ ევროკავშირს წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას 2028 წლამდე არ მოვითხოვდით.

რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვთქვით, მოლაპარაკებების დასაწყებად მხოლოდ 2028 წელს ვიქნებით მზად, რადგან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების სრული სპექტრი ამ დროისთვის შესრულდება. მანამდე თავად ევროკავშირმა განაცხადა, რომ გაფართოებისთვის მზად არ იქნებოდა 2030 წლამდე. ამიტომ ძალიან ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკებების პროცესი მხოლოდ 2028 წელს დაგვეწყო, როდესაც ასოცირების შეთანხმებას სრულად შევასრულებდით და თავად ევროკავშირი იქნება მზად წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად და გაფართოებისთვის, რათა კიდევ ერთი ქვეყანა ჩაერთოს ევროპის ერთიან ბაზარზე“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ეკა სეფაშვილის თქმით, თავად ევროკავშირმა და ევროკომისიამ შეწყვიტეს დიალოგი ქართულ მხარესთან და ევროკავშირმა უნდა დაიწყოს დიალოგი საქართველოსთან.

„ამჟამად რა ხდება? თავად ევროკავშირმა და ევროკომისიამ შეწყვიტეს დიალოგი ქართულ მხარესთან, რაც, ვფიქრობ, დემოკრატიული ნაბიჯი არ არის, რადგან დემოკრატია დაფუძნებულია დიალოგზე, გაზიარებაზე, კამათზე. ევროკავშირის მხრიდან დიალოგის პროცესის შეჩერება, ვფიქრობ, ევროკავშირის მხრიდან დიდი სტრატეგიული შეცდომა იყო, რადგან საქართველოში სტაბილურობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია ევროპის სტაბილურობის, უსაფრთხოების არქიტექტურის აშენება და გაძლიერება. საქართველო მთელი ამ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ მხრივ, ვფიქრობ, ევროკავშირმა უნდა დაიწყოს დიალოგი საქართველოსთან, რადგან ეს მათ შეწყვიტეს და არა ჩვენ. დიალოგი საჭიროა, რათა გავცვალოთ მოსაზრებები ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.

არ ვფიქრობ, რომ ევროინტეგრაციის კუთხით ცუდად მივდივართ. ჩემი სიტყვების დასტურია ევროკავშირის მიერ ორი კვირის წინ გამოქვეყნებული ანგარიშები, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის შეფასებას ეხება. ამ ანგარიშში საქართველო არა მხოლოდ ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს, წინ უსწრებს ნატო-ს და ევროკავშირის 18 წევრ ქვეყანას ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა: კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის ეფექტიანობა, კორუფციის კონტროლი, კანონის უზენაესობა, მთავრობის ქმედებების გამჭვირვალობა, ბიუროკრატიის დონე და ა.შ.

ამ ანგარიშს ვახსენებ, რადგან დოკუმენტი თავად ევროკომისიის მიერ არის მომზადებული და ასახავს საქართველოს მიერ ამ კრიტერიუმების კუთხით მიღწეულ პროგრესს, რაც ყველა განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნის მთავარი საფუძველია. ეს იმის დასტურია, რომ საქართველო ამ მიმართულებით წარმატებით მიდის. ძალიან ვამაყობ და ბედნიერი ვარ, რომ ამას ვახერხებთ, რადგან ჩვენი მოსახლეობის 80% ევროინტეგრაციის მომხრეა და საქართველოს პარლამენტი ამ ხალხის უმრავლესობას წარმოადგენს. მათ მიერაა არჩეული მთავრობა, რათა შეასრულოს ჩვენი ერის მიზანი – ევროინტეგრაცია – რომელიც არა მხოლოდ დღევანდელი და ამჟამინდელი მიზანი და სურვილია, არამედ ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია.

ქართველი ხალხი ევროინტეგრაციას ირჩევს არა მხოლოდ ევროკავშირის გეოგრაფიული მდებარეობის გამო – არა, ის ჩვენს საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული, როგორებიცაა ჰუმანურობა, ერთგულება, გამოხატვის თავისუფლების პატივისცემა, ადამიანის უფლებების დაცვის პატივისცემა და ა.შ. ეს არის ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ და ეს არის ღირებულებები, რისთვისაც ქართველი ერი საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა.

ამასთან, ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამჟამად საქართველო ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის სამხედრო ძალების მიერ და მათი ჯარები საქართველოს დედაქალაქიდან 40 კილომეტრში და საქართველოს მთავარი მაგისტრალიდან სულ რაღაც 200 მეტრში არიან განლაგებული. ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, რუსეთის ფედერაციის ხელში მძევლები არიან და ეს სიტუაცია ყოველთვის უნდა გვახსოვდეს.

2008 წელს, საქართველოში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მთელი საერთაშორისო საზოგადოება ურჩევდა საქართველოს, შეენარჩუნებინა სიმშვიდე და არ გაეძლიერებინა დაძაბულობა რუსეთთან. რა შეიცვალა 2022 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთის ფედერაციამ უკრაინასთან ომი დაიწყო? ჩვენთვის არაფერი შეცვლილა – ვგულისხმობ, რომ საქართველოს ტერიტორია კვლავ ოკუპირებულია და ჩვენ ნებისმიერ სხვა ერზე უკეთ ვიცით, რა ტკივილს განიცდის უკრაინელი ხალხი. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს უკრაინელ ხალხს, იქნებოდა ეს რაიმე განცხადება საერთაშორისო ფორუმებსა და რეზოლუციებში, იქნებოდა ეს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში სარჩელი თუ უკრაინელი ლტოლვილების დახმარება.

ამგვარად, 2022 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს მოსთხოვეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესება და სხვა მსგავსი დესტრუქციული სახის ქმედებები, ჩვენ ვერ შევძელით ამ ქმედებების შესრულება, რადგან ეს ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ერის უსაფრთხოებას, სტაბილურობას და კეთილდღეობას. უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირის ყველა წევრი და სხვა ქვეყნებიც აგრძელებდნენ  სხვადასხვა სახის ეკონომიკურ თანამშრომლობას რუსეთის ფედერაციასთან, მიუხედავად მათი დიდი სურვილისა, შეეწყვიტათ ასეთი სახის ეკონომიკური თანამშრომლობა. მაგრამ მათი ეს ნაბიჯი მათი ქვეყნების მოსახლეობის ინტერესებში იყო. ასევე მოიქცა ჩვენი მთავრობაც, რათა გადაერჩინა ჩვენი სტაბილურობა, უსაფრთხოება, ჩვენი ერის კეთილდღეობა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენი ხალხის სიცოცხლეც კი“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები