ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე სასამართლომ ერთი პოლიციელი უდანაშაულოდ ცნო, ორს კი – 1,6 წლით და 2,6 წლით პატიმრობა შეუფარდა

პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიასშვილის, ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა განაჩენი გამოაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ნუკრი ხაბელაშვილი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ, საპატრულო პოლიციის მეორე თანამშრომელს, ზურაბ რუსიშვილს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვის ვადით, მესამეს – გია სადაღაშვილს 2 წლით და 6 თვის ვადით პატიმრობა შეეფარდა.

ნუკრი ხაბელაშვილს, ზურაბ რუსიშვილს და გია სადაღაშვილს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება (333-ე მუხლის პირველი ნაწილი) და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა (116-ე მუხლის პირველი ნაწილი) ედებოდათ.

21 წლის ბექა ხახუბია ავტოავარიას 2017 წლის 17 მაისს ემსხვერპლა. მას საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე გვირაბთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუმორჩილებლობის გამო სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს, ხახუბია ავტომანქანით აღნიშნულ სატვირთოს შეეჯახა, რა დროსაც გარდაიცვალა. ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წარედგინა.

interpressnews.ge

Related posts