გიორგი გახარია – შრომის უფლებისა და უსაფრთხოების დაცვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია

“ეს იყო აბსოლუტურად ტრაგიკული შემთხვევა”, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
შს მინისტრის თქმით, შრომის უფლებისა და უსაფრთხოების დაცვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. „ეს იყო აბსოლუტურად ტრაგიკული შემთხვევა. საერთოდ, შრომის უფლებისა და უსაფრთხოების დაცვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. კანონმდებლობა უკვე გაუმჯობესებულია. თებერვლიდან, ძალაში შევიდა მაღალი რისკის შემცველ ობიექტებზე და, პირველი სექტემბრიდან, ამოქმედდება სრულად, ყველა სახის კომპანიისა და საწარმოებისთვის. რაც შეეხება აღსრულებას – ქვეყანაში, როგორც ასეთი, სადაც შრომის ინსპექცია წლების განმავლობაში არ არსებობდა, აღსრულების პრობლემები შეიძლება, არსებობდეს. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს მენეჯმენტის საკითხია და მოგვარებადია. მთავარია, რომ სახელმწიფოს ნება არსებობს, კანონმდებლობა არსებობს. პირველი სექტემბრიდან, ეს უნდა გახდეს საზრუნავი თითოეული მოქალაქის, მთავრობის წევრისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, რომ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწა 31 მარტს ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა მომხდარიდან ცოტა ხანში დაღუპული იპოვეს, მეორე მამაკაცის ცხედარს კი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.

წყარო: kvira.ge

Related posts