დაპირისპირება ზუგდიდში – 28 წლის ახალგაზრდას სამი ტყვია ესროლეს

დაპირისპირება ზუგდიდში – რამდენიმე წუთის წინ, სოფელ გრიგოლიში 28 წლის ახალგაზრდას სამი ტყვია ესროლეს. დაჭრილ ბესიკ ლაგვილავას მდგომარეობა მძიმეა და მისი გადარჩენას ამ წუთებში ექიმები ცდილობენ. დაშავებულს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

ჯერჯერობით უცნობია, რას უკავშირდება სისხლიანი გარევა. თვითმხილველების ინფორმაციით, გასროლას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. მათივე ცნობით, დაპირისპირებაში სამი პირი მონაწილეობდა.

შემთხვევა „ქართული ოცნების“ შტაბის წინ მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე „ქართული ოცნების“ აქტივისტია.

ექიმების ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი ჭრილობა გულმკერდისა და მუცლის არეში აღენიშნება.

„112-ის მიერ შემოყვანილი იქნა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი ჭრილობა გულმკერდისა და მუცლის არეში. შინაგანი ორგანოების დაზიანებით. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, სასიცოცხლო ჩვენებით გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში“ – აცხადებს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმი, მაია ესებუა.

ზუგდიდში, ახალგაზრდა მამაკაცის სხეულის დაზიანების, შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყების ცნობითვე,  დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია და მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

წყარო: rustavi2.ge

Related posts